შეერთებული შტატების დროით 12 მარტს, ლოს ანჯელესში, Dolby Theatre-ში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიაზე ოსკარი 2022 წლის რჩეულ კინოსურათებს, მსახიობებს, რეჟისორებსა და კინოინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიონალებს გადაეცათ.

2023 წლის ტრიუმფატორი Everything Everywhere All at Once გახდა, რომელმაც 7 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის გამარჯვებულად დასახელდა დაჯილდოების მთავარ ნომინაციაში და საუკეთესო კინოსურათისათვის ოსკარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ Everything Everywhere All at Once 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი. სწორედ ეს კინემატოგრაფიული ნამუშევარი აღმოჩნდა ის ფილმი, რომელში შესრულებული როლისათვისაც მიშელ იოს მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა.

ოსკარის ცერემონიას, როგორც ყოველთვის, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ახლავს თან. მაყურებელს და აუდიტორიას თავი დაამახსოვრა წითელმა ხალიჩამ, ჯიმი კიმელის მონოლოგმა, გამარჯვებულების გამოვლენის დამაინტრიგებელმა პროცესმა. თუმცა, 2023 წლის ოსკარის დაჯილდოების უმთავრეს გმირად მაინც რიანა იქცა. ვარსკვლავმა დაჯილდოების მსვლელობისას კომპოზიცია სახელწოდებით Lift Me Up ცოცხლად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რიანა ამ კომპოზიციისათვის საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაშიც ყო წარდგენილი, თუმცა მან გამარჯვება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, რიანას სასცენო პერფორმანსმა, როგორც ყოველთვის, ხმაურიანი ოვაციების თანხლებით ჩაიარა.

რიანა არ ყოფილა ერთადერთი პოპ ვარსკვლავი, რომელიც სცენაზე მუსიკალური ნომრით წარდგა. ცერემონიის მსვლელობისას, ლედი გაგამ Top Gun: Maverick-ის საუნდტრეკის განსხვავებული ვერსია შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა სცენაზე ოსკარის მასშტაბებისათვის მოულოდნელი იმიჯით წარდგა. ის სცენაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა და ყოველდღიური ლუქი ეცვა.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ნამუშევრები და პროფესიონალები ათეულობით სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.

იხილეთ გამარჯვებულთა სრული სია.