ოთხშაბათს LVMH Prize-ს გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. წელს მთავარი ჯილდოს მფლობელი იაპონელი დიზაინერი, ბრენდ Setchu-ს დამფუძნებელი სატოში კუვატა გახდა, რომელიც გაზრდილ ფულად პრიზს მიიღებს 400,000 ევროს ოდენობით. მას ასევე ერთი წლის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ LVMH-ის ექსპერტები მდგრადობის, კომუნიკაციების, მარკეტინგის, იურიდიული, წარმოებისა და ფინანსების მიმართულებით.

LVMH Prize-ს მეათე გამოშვების ჟიური კვლავ LVMH-სთან ასოცირებული და მოდის ინდუსტრიის მოწინავე ფიგურებით იყო დაკომპლექტებული, მათ შორის იყვნენ: Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი ნიკოლა ჟესქიერი, მარკ ჯეიკობსი, Dior-ის მარია გრაცია კიური და კიმ ჯონსი, რომელიც შემოქმედებითად Fendi-ს ქალის ხაზზეც არის პასუხისმგებელი, Loewe-ს ჯონათან ანდერსონი და მარკ ჯეიკობსი. კუვატა ისრაელში დაბადებულმა მსახიობმა გალ გადოტმა დააჯილდოვა.

გარდა ამისა, კარლ ლაგერფელდის სახელობის პრიზი გადაეცა ორ დიზაინერს: ჯული პელიპას უკრაინიდან ბრენდითვის – Bettter და ლუკა მაგლიანოს იტალიიდან ბრენდისთვის – Magliano. ორივე მათგანს 200,000 ევრო და LVMH-სგან ერთ წლიანი მენტორობა ერგო.

LVMH Prize ყოველწლიურად ახალი ბრენდებისა და დიზაინერების მხარდასაჭერად ტარდება. ამ კონკურსში მონაწილეობა მიღებული აქვს დღეს აქტუალური დიზაინერების საკმაოდ დიდ ნაწილს. მათ შორის არიან: შეინ ოლივერი, გრეის უელს ბონერი, მარინ სერი, თებე მაგუგუ, სიმონ ჟაკმუსი, დემნა, ვირჯილ აბლო, მაქსიმილიან დევისი, მარტინ როუზი, ნენსი დოჯაკა, ქოლმ დილანი და სხვები. 

წელს LVMH Prize-ის აპლიკანტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჯამში დიზაინერების ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 2,400-ზე მეტმა მსურველმა შეიტანა. გასულ წელს აპლიკანტების რაოდენობა დაახლოებით 1,900-ს შეადგენდა.