
LVMH ყოველწლიურად ახალი ბრენდებისა და დიზაინერების მხარდასაჭერ კონკურსს ატარებს, რომელსაც LVMH Prize-ის სახელით ვიცნობთ. ამ კონკურსში მონაწილეობა მიღებული აქვს დღეს აქტუალური დიზაინერების საკმაოდ დიდ ნაწილს. მათ შორის არიან: შეინ ოლივერი, გრეის უელს ბონერი, მარინ სერი, თებე მაგუგუ, სიმონ ჟაკმუსი, დემნა, ვირჯილ აბლო, მაქსიმილიან დევისი, მარტინ როუზი, ნენსი დოჯაკა, ქოლმ დილანი და სხვები.
წელს LVMH Prize-ის აპლიკანტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჯამში დიზაინერების ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 2,400-ზე მეტმა მსურველმა შეიტანა. გასულ წელს აპლიკანტების რაოდენობა დაახლოებით 1,900-ს შეადგენდა.
თებერვალში LVMH Prize-ის მე-10 გამოშვების 22 ნახევარფინალისტის ვინაობა გამჟღავნდა, დღეს კი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის და ხალხის მიერ შერჩეული 9 ფინალისტის სახელი გახდა ცნობილი.
“საბოლოო არჩევანი კულტურულმა მრავალფეროვნებამ, ტრადიციული ხელობის მნიშვნელობის ხაზგასმამ და შემოქმედებითმა გამბედაობამ განსაზღვრა,” – განაცხადა პროექტის ინიციატორმა და Christian Dior-ის გენერალურმა დირექტორმა დელფინ არნომ.
გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი 300,000 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, მას LVMH-იდან მენტორობას გაუწევენ შემდეგი მიმართულებებით: ფინანსები, წარმოება, მარკეტინგი, კომუნიკაციები, მდგრადობა და იურიდიული საკითხები. ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება Karl Lagerfeld Prize-ის მფლობელიც, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 150,000 ევროს ოდენობით. მას ასევე ერთი წლის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ LVMH-ის ექსპერტები.
2023 წლის LVMH Prize-ს ფინალისტების სრული სია
Aaron Esh, მამაკაცის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Aaron Esh გაერთიანებული სამეფოდან.
Bettter, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Julie Pelipas უკრაინიდან.
Burc Akyol, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Burc Akyol საფრანგეთიდან.
Diotima, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Rachel Scott იამაიკიდან.
Luar, ქალის სამოსის, მამაკაცის სამოსის და უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Raul Lopez შეერთებული შტატებიდან.
Magliano, მამაკაცის სამოსის და უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Luca Magliano იტალიიდან.
Paolina Russo, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერები: Paolina Russo და Lucile Guilmard კანადიდან.
Quira, ქალის სამოსის ბრენდი, დიზანერი: Veronica Leoni იტალიიდან.
Setchu, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Satoshi Kuwata იაპონიიდან.