2022 წლის მიწურულს, მოდის ფრანგული კონგლომერატის, Kering -ის უდიდესი ბრენდი, Gucci კრეატიული დირექტორის გარეშე დარჩა. ბრენდის მომავლის შესახებ მფლობელებსა და დიზაინერ ალესანდრო მიკელეს განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდათ, რამაც წარმატებული თანამშრომლობის დასრულება განაპირობა. გუჩის ახალი ლიდერის ვინაობა 2023 წლის იანვარში გახდა ცნობილი. მიკელე იტალიელმა დიზაინერმა, საბატო დე სარნომ შეცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ საბატოს საკმარისი დრო არ ჰქონდა გუჩის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაზე სამუშაოდ, მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება 2023 წლის სექტემბრამდე გადაიდო. შედეგად, თითქმის ნახევარი წელი, ბრენდი შემოქმედებითი ლიდერის გარეშე, გუნდურად შექმნილ ნამუშევრებს წარადგენდა.
ახლადგავრცელებული ფინანსური ანგარიშით, ცნობილი ხდება, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში, გუჩის გაყიდვებმა 4%-ით იკლო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდს საბატოს პირველი კოლექცია გაყიდვაში ჯერ არ გამოუშვია, Kering -ის მფლობელი და პრეზიდენტი, ფრანსუა ანრი პინო მომავლისადმი პოზიტიურად არის განწყობილი. მისი თქმით, საბატოს დებიუტისადმი ზოგადი გამოხმაურება იმედისმომცემი იყო იყო, რაც უნდა აისახოს შემოსავალზეც.
რაც შეეხება კონგლომერატის მფლობელობაში არსებულ სხვა ბრენდებს, 5%-იანი კლება დაფიქსირდა Saint Laurent -ში, 4% – Bottega Veneta-ში, 4% კი სხვა ბრენდებში, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ალექსანდრ მაკქუინისა და ბალენსიაგას მოდის სახლები წარმოადგენენ. Vogue Business -ის ინფორმაციით, 2023 წელს, ბალენსიაგას წლიურმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, სკანდალამდე, ბრენდის შემოსავალი 2.3 მილიარდიდან 2.5 მილიარდ ევრომდე მერყეობდა.
Gucci -ს მსგავსად, 2023 წელი ბალენსიაგაშიც კრიზისით დაიწყო. 2022 წლის ბოლოს, ბრენდი გლობალურ სკანდალში გაეხვა. გამომდინარე აქედან, 2023 წლის პირველი ნახევარი, ბალენსიაგასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. წლის მეორე ნახევარში, Balenciaga -ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ ორი გახმაურებული შოუ მოაწყო და განაახლა თანამშრომლობა ვარსკვლავებთან.
მიუხედავად სირთულეებისა, ფრანსუა ანრი პინოს განცხადებით, Kering განაგრძობს ინვესტირებას თავის წამყვან მოდის სახლებში. აღნიშნული კონგლომერატის ხანგრძლივი სტრატეგიის ნაწილია, რომლის შედეგსაც 2024 წლის ბოლოსა და 2025 წელს ელიან.