Shein 2022 წლის ყველაზე პოპულარულ ბრენდად დასახელდა. კომპანიას, რომელიც ჩინეთში 2008 წელს დაარსდა, წლის განმავლობაში Google-ის საძიებო ქსელში ყველაზე ხშირად ეძებდნენ. ინტერნეტში მოპოვებული პოპულარობით, Shein-მა აჯობა ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის მაგალითად: Zara, Nike, Adidas. Shein-ს სოციალურ ქსელებში საკმაოდ ხშირად განიხილავენ. მიზეზი პროდუქციის დაბალი ფასებია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრენდი არც ისე დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, კომპანიამ აღიარა, რომ მისი თანამშრომლები კვირაში 75 საათს მუშაობდნენ. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა სწრაფი მოდის უარყოფითი მხარე – დაბალ ფასებს ხშირად ადამიანური რესურსების არამართლზომიერად გამოყენება და მათი ექსპლუატაცია განაპირობებს.
თანამედროვე სამყაროში მდგრადი მოდა განსაკუთრებით აქტუალურია და ყველა ბრენდი ცდილობს ის თავისი ოპერირების სტრატეგიაში დანერგოს. თუმცა, ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ Shein-ის მსგავსი ბრენდი მაინც მოთხოვნადია და ბაზარზე უპირატესობაც აქვს. Shein დღეში დაახლოებით 700-1000 მოდელს აწარმოებს, რის შედეგადაც მუშა ხელის შრომითი უფლებების დარღვევასთან ერთად, გარემო წარმოებით გამოწვეული მავნე ნარჩენებით ბინძურდება.
2022 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულის მიმდინარეობისას, მოდის სახლმა Coperni-მ 2023 წლის კოლექცია წარადგინა. ჩვენებაზე აუდიტორია საკმაოდ საინტერესო სანახაობის მოწმე აღმოჩნდა. ბრენდმა ჩვენების მონაწილეთა თვალწინ, წარადგინა სპეციალური საღებავის, რომელიც გაშრობისთანავე ქსოვილის ტექსტურას იღებდა და საბოლოოდ, სუპერ-მოდელი ბელა ჰადიდის ტანზე კაბად გარდაიქმნა.
ჩვენების ეს ნაწილი მხოლოდ ვიზუალური ეფექტისათვის არ ყოფილა განკუთვნილი. ამით ბრენდმა სცადა ეჩვენებინა, რომ თანამედროვე სამყაროში, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია მოდა გარემოსათვის საზიანო ინდუსტრია აღარ იყოს. ამის პარალელურად, სწრაფი მოდა არ აპირებს ტემპი შეანელოს და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ღირებულებები გაითვალისწინოს, რაც იმედია დროსთან ერთად შეიცვლება.