ზარას მფლობელმა კომპანიამ Inditex-მა წლის პირველი კვარტლის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც ესპანური გიგანტი ბრენდის გაყიდვები 80%-ით გაიზარდა. Reuters-ის განცხადებით, ასეთი დიდი ნახტომი გაყიდვებში ლოქდაუნის დასრულებასთანაა დაკავშირებული. მათივე მოსაზრებით, პოსტპანდემიურ რეალობაში ადამიანები ახალი გარდერობის ძიებაში ყველაზე ხშირად სწორედ ზარას აკითხავს.

Zara 2021

ზარას მოგებამ თებერვალი-აპრილის შუალედში, 760 მილიონ ევროს მიაღწია, რაც არამხოლოდ უტოლდება კომპანიის გეგმას, არამედ აჭარბებს პრე-პანდემიურ ციფრებს და ბოლო ათწლეულში მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაყიდვები თებერვალი-აპრილის შუალედში 36%-ითაა გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წლის დასაწყისში ფასები გაზარდა.

2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება 734 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო გაყიდვები – 5.93 მილიარდ ევროს.

Inditex-ის გენერალურმა დირექტორმა, ოსკარ გარსია მასეირასმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ზრდა უკავშირდება კარგად შემუშავებულ სტრატეგიას. მისივე თქმით, სუფთა მოგების 60.1%-იანი ზრდა თანხვედრაშია ოპერირების ხარჯებთან, რომელთა ზრდაც მხოლოდ 24%-ს შეადგენს.

გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის გაყიდვები, წინა სეზონთან შედარებით დაბალია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ სტატისტიკა ბევრად მოკლე პერიოდშია გაწერილი. 1 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ზრდა მხოლოდ 17%-ს შეადგენს.

ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების ზრდამ ხელი შეუწყო კომპანიის შემოსავლების შენარჩუნებას, მას შემდეგ, რაც ზარამ 502 მაღაზია დახურა რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთი Inditex-ის სიდიდით მეორე ბაზარი იყო და მასზე სრული შემოსავლის 5%-ი იყო დამოკიდებული.

Zara-ს ყველაზე დიდი კონკურენტის, H&M-ის გაყიდვები მხოლოდ 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ზარამ მას საკმაოდ დიდი სხვაობით გაუსწრო.