პანდემიის დროს, სახლმა იმაზე დიდი მნიშვნლობა შეიძინა, ვიდრე ოდესმე ჰქონდა – ის გახდა ჩვენი საცხოვრებელი, დასასვენებელი და სამუშაო სივრცე. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ გარემო მყუდრო და ჰარმონიული იყოს. ინტერიერის დიზაინი არა მხოლოდ სახლის ვიზუალურ და ფუნქციურ დატვირთვას გულისხმობს, არამედ ისეთი სივრცის შექმნასაც, რომელიც ჩვენს საჭიროებებზე, ცხოვრების სტილსა და ხასიათზე იქნება მორგებული. წლიდან წლამდე ტენდენციები იცვლება, თუმცა, ერთი რამ უცვლელი რჩება – ავითვისოთ ინტერიერის დიზაინის შესაძლებლობები და ტენდენციები ისე, რომ ისინი ჩვენს გემოვნებაში ზუსტად ჯდებოდეს, რადგან არაფერია იმაზე პერსონალური, ვიდრე სივრცე, რომელსაც სახლს ვუწოდებთ.

გთავაზობთ ტრენდებს, რომლებიც 2021 წელს, ინტერიერის დიზაინში აქტუალურად შეგვხვდება.

რელაქსაციისათვის განკუთვნილი, მყუდრო სივრცე

სფეროს პროფესიონალების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2021 წელს აქტუალური იქნება ბევრი მცირე ზომის ავეჯით დატვირთული ოთახები. ეს სივრცეები სახლის მაცხოვრებლების დასვენებასა და კომფორტს უზრუნველყოფს – კრეატიული და ამავდროულად, პრაქტიკული გადაწყვეტებით შექმნილი ოთახი, სადაც შესაძლებელია სტუმრების მიღება, წიგნის კითხვა ან უბრალოდ განტვირთვა.

მეტი დასაჯდომი ადგილი

2021 წელს, ასევე უნდა ველოდეთ სივრცეების ისე ათვისებას, რომ მრავალრიცხოვანმა ოჯახმა ერთად შეძლოს დროის გატარება – სათამაშო ან ე.წ. ჟურნალების მაგიდის ირგვლივ დასხდომა და ერთმანეთთან კომფორტულ პოზიციაში კომუნიკაცია.

ნატურალური მასალის მინიმალისტური ავეჯი

ერთ-ერთი წამყვანი ინტერიერის დიზაინერის, კელი კარტერის მოსაზრებით, განსაკუთრებით აქტუალური იქნება მინიმალისტური ავეჯი და დეტალები, რომლებიც ბუნებრივი მასალით არის შესრულებული. პანდემიამ სახლიდან მუშაობის კულტურა დანერგა და სავარაუდოდ, ეს ტრადიაცია სამომავლოდაც გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ადამიანებისათვის აუცილებელი იქნება სიმშვიდე, სტრესის მინიმუმამდე დაყვანა – აღნიშნული კი, როცა საქმე ინტერიერს ეხება, იდეალურად შეუძლია ბუნებრივი მასალისაგან დამზადებულ ნივთებს.

მკვეთრი და ნეიტრალური ფერების სინთეზი

რამდენადაც ნეიტრალური ფერები ყოველთვის აქტუალურია დიზაინში, 2021 წელსაც შეგვხვდება მსგავსი ტენდენცია. თუმცა ამჯერად, სივრცეების მოწყობის მეტად გაბედულ ნაბიჯებსაც უნდა ველოდეთ. მაგალითისათვის, კლასიკური, ყავისფერი ხისა და ფერადი ქსოვილების სინთეზი, შესაძლოა ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრენდად იქცეს.

დეკორატიული დატვირთვის ნივთები

2021 წელს მეტად მიექცევა ყურადღება დეკორს, შესაძლოა საკმაოდ ავანგარდული გადაწყვეტილებებიც კი იყოს აქტუალური. სხვადასხვა სივრცეში ჭარბად შეგვხვდება ისეთი დეტალები, რომლებსაც არ გააჩნია ფუნქციური დატვირთვა და მხოლოდ ოთახის აქსესუარების როლშია.

გასართობი სივრცეები

როგორც უკვე შესავალში აღვნიშნეთ, მოცემულ რეალობაში, სახლები ჩვენთვის არამხოლოდ საცხოვრებელი, არამედ დასასვენებელი და სამუშაო სივრცეებია. თუმცა, ამას გარდა, სახლები თავისუფალი დროის გატარების ადგილადაც იქცა. მნიშვნელობა არ აქვს ვუყურებთ ფილმებს, ვეპატიჟებით მეგობრების ვიწრო წრეს, ვუსმენთ მუსიკას, თუ ვთამაშობთ ვიდეოთამაშებს – პანდემიისგან ჩაკეტილ ქალაქში, სახლი ერთადერთი სივრცე აღმოჩნდა, სადაც გართობა შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება სივრცის იმგავრად განაწილებაზე, სადაც შესაძლებელი იქნება დიდი ტელევიზორების განთავსება, ძლიერი მუსიკალური აუდიო სისტემის დაყენება და საცხოვრებელ გარემოში სხვადასხვა გასართობი დეტალის ინტეგრირება.