2021 წლის პირველ ნახევარში LVMH-ს მიღებული შემოსავალი 28.7 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 56%-იან ზრდას ნიშნავს, 2019 წელთან შედარებით კი – 11%-იანს.
ამ მაჩვენებლის უდიდესი წილი მოდისა და ტყავის ნაწარმზე მოდის, რა მიმართულებითაც გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით 81%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო 2019 წლის წლის პირველ ნახევართან შედარებით – 38%-იანი. LVMH-ს რეკორდული შემოსავალი შემდეგი ბრენდების დამსახურებაა: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Loewe და Celine. პრეს რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ კარგი შედეგი ჰქონდა Marc Jacobs-საც. რაც შეეხება ისეთ დიდ სახელს, როგორიცაა Givenchy, ის მხოლოდ პარფიუმერიის ნაწილში ფიგურირებს.
Louis Vuitton გაზაფხული/ზაფხული 2021 © Vogue Runway
კონგლომერატის თავჯდომარისა და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ბერნარ არნოს, თქმით, მიღებული შედეგი “შესანიშნავია” და LVMH “გლობალური კრიზისის მიუხედავად, პანდემიის პერიოდში ბიზნესებში ინვესტიციების განხორციელების და ინოვაციური ნაბიჯების გადადგმის შედეგად სარგებლის მიღებას განაგრძობს.”
არნო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან მოვლენებს შორის Maison Tiffany-ის LVMH-თან წარმატებულ ინტეგრაციას და “რენოვაციის ამბიციური პროგრამის” შემდეგ La Samaritaine-ს საზეიმო გახსნას გამოყოფს და აღნიშნავს, რომ კონგლომერატი შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება იმისთვის, რათა ზრდა განაგრძოს და ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს.