მოდის მსოფლიო კალენდარში, მაისის პირველი ორშაბათი ყოველთვის განსაკუთრებული დღე იყო – მიზეზი მეტროპოლიტენის მუზეუმის სანახაობრივი კოსტიუმირებული ღონისძიებაა, რომლის ორგანიზებასაც სათავეში უდგას მოდის პრესის შეუცვლელი პერსონა, ანა ვინტური. ცხადია, ჩვენ MET GALA-ზე ვსაუობრობთ. “მეტ გალა”, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მოვლენაა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2020 წელს კოსტიუმირებული საღამო არ ჩატარებულა. მეტროპოლიტენის მუზეუმმა, კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური თემატური გამოფენა სწორედ ამ სანახაობრივი შესავლის გარეშე გახსნა და ექსპოზიციის სათანადო პოპულარიზაციისათვის ონლაინ პლატფორმები აქტიურად გამოიყენა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, MET GALA 2021 წლის პროგრამით, განახლებული თარიღითა და ჩვეული ფორმატით ბრუნდება. ტრადიციად ქცეული, მაისის პირველი ორშაბათის ნაცვლად, მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული მიღება 13 სექტემბერს ჩატარდება. სავარაუდოა, რომ ორგანიზატორები ამ დროისათვის მეტად სტაბილურ პანდემიურ ვითარებას და ვირუსის გავრცელების მეტად მართვად რეალობას ელოდებიან. ცხადია, ცერემონიაზე უსაფრთხოების ზომები მაინც მკაცრად იქნება დაცული.

About Time: Fashion and Duration – ასე ჟღერს 2021 წლის Met Gala-ს თემა, რომელიც იგივეა, რაც გასულ წელს დაანონსდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ კოსტიუმების ინსტიტუტის სანახაობრივი მიღება წელს განსაკუთრებულად კრეატიული და კონცეპტუალური იქნება, რადგან თემიდან გამომდინარე, ის მოდის 150-წლიან ისტორიას შეეხება. როგორც გამოცემა Page Six იუწყება, 2021 წლის Met Gala-ს მოწვეული ორგანიზატორები ამანდა გორმანი და ტომ ფორდი იქნებიან.