გაზვიადებული არ იქნება, თუ დავწერთ, რომ თანამედროვე ვარსკვლავებს ყველაზე რთულ ეპოქაში უწევთ ცხოვრება. სოციალური ქსელების, სმარტფონების, პაპარაცების გარეშე, ცნობადი სახეების ქცევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა და გაცილებით ადვილი იყო საკამათო ქმედებების დამალვა, დღეს მათ ყოველდღიურობას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ერთი არასწორად დაწერილი სიტყვაც შესაძლოა გახდეს სკანდალის საფუძველი, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლის.
გამომდინარე აქედან, ყოველი წლის ბოლოს, გახმაურებული სკანდალების გახსენებას საკმაოდ დიდი მოცულობის სტატიამდე მივყავართ. გავიხსენოთ, მოდაში, 2020 წლის საკამათო თემებიდან რამდენიმე.
ყველაზე წარმატებული შავკანიანი დიზაინერი, ვირჯილ აბლო კრიტიკის ქარცეცხლში ინსტაგრამზე თავისი გამოქვეყნებული სთორის შემდეგ გაეხვა. Black Lives Matter საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, აქციებზე დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი, სადაც ფულის ჩარიცხვით მსურველები დაკავებულებს გირაოს თანხის შეგროვებაში ეხმარებოდნენ. ვირჯილმა, სოციალურ ქსელში, თავის გამომწერებს მოუწოდა, რომ ფონდში ფული გადაერიცხათ. ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა და Off-white-ს დამფუძნებელმა პოსტს თავისი გადარიცხვის სქრინი დაურთო, სადაც ჩანდა, რომ მილიონერმა დიზაინერმა ფონდში 50$ გადარიცხა. მოგვიანებით, ვირჯილმა განაცხადა, რომ მან გაცილებით მეტი გაიღო აფრო-ამერიკელი აქტივისტების დასახმარებლად, თუმცა 50$-ის ამსახველი სქრინი საზოგადოებისთვის უფრო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ვირჯილის 2020 წლის მონაპოვარში, 50 დოლარის ისტორია ერთადერთი შავი ლაქა არ ყოფილა. ზაფხულში, აბლომ ჩინეთში ლუი ვიტონისთვის შექმნილი თავისი ახალი კოლექციის ჩვენება გამართა. შოუს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. აბლო პლაგიატიზმში დაადანაშაულეს. მწვავე კომენტარები გაკეთდა ინდუსტრიაში დასაქმებულების მხრიდანაც, მათ შორის უოლტერ ვან ბეირენდოქის მიერ, რომლის შემოქმედების მითვისებასაც ვირჯილს ედავებოდნენ. ანტვერპენის ექვსეულის ერთ-ერთმა ლეგენდარულმა წევრმა მედიასთან გაკეთებული განცხადებების გარდა, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა თავისი ჩვენებიდან ერთ-ერთი ლუქის ფოტო, აღწერაში კი მაისურზე წარმოდგენილი ფრაზა მიუთითა: „I HATE COPYCATS.“

სულ რაღაც 4 წელია, რაც მოდის ინდუსტრიამ ქერბი ჯინ-რეიმონდი გაიცნო, თუმცა მან უკვე მოახერხა პირდაპირი და პრინციპების ერთგული დიზაინერის სტატუსის მოპოვება. 2019 წელს, ქერბიმ ყველასთვის საპატიო #BOF500-ში საკუთარ ადგილზე უარი სკანდალურად თქვა. რაც შეეხება 2020 წელს, ქერბი Reebok-ის შემოქმედებითი გუნდის ვიცე პრეზიდენტად დაინიშნა და მოდის ფრანგულ კონგლომერატთან, Kering – თან თანამშრომლობით ახალი პლატფორმის შექმნაც დააანონსა. კარიერულ განვითარებასთან ერთად, დიზაინერი სკანდალურად რამდენჯერმე მაინც აღმოჩნდა ჰედლაინებში – აღსანიშნია ნეთფლიქსის შოუში, Next in Fashion- ში მომხდარი ინციდენტი.

ქერბი Next in Fashion-ს ჟიურის ამპლუაში შეუერთდა. ვითარება დაიძაბა მაშინ, როდესაც ჟიურის ხმები 2 აუთსაიდერ მონაწილეს შორის გაიყო. რეიმონდმა ყველასთვის მოულოდნელად, გადაწყვეტილების მიღებამდე, გადასაღები სტუდია დატოვა. უცნობია რამ განაპირობა დიზაინერის ასეთი ხისტი რეაქცია.

კულტურული მისაკუთრება თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ყველაზე საკამათო თემის სტატუსს არავის უთმობს. არც 2020 იყო გამონაკლისი. ლეგენდარული იაპონელი დიზაინერის, რეი კავაკუბოს ბრენდი, Comme des Garçons კულტურულ მისაკუთრებაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე, თეთრკანიანი მოდელები მჭიდრო, ე.წ. აფრიკული ნაწნავების პარიკებით გამოჩნდნენ. იაპონური ბრენდი მოდელების მრავალფეროვნების მხრივ კრიტიკას ხშირად იღებს, თუმცა ამჯერად სკანდალმა უფრო მასშტაბური სახე შეიძინა, რაც მეტწილად ისეთი გვერდების არსებობამ და აქტიურობამ გამოიწვია, როგორიც გახლავთ Diet Prada.

ლეგენდარული კობი ბრაიანტის და მისი 13 წლის ქალიშვილის ავიაკატასტროფაში გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. კობის უეცარმა სიკვდილმა გენიალური კალათბურთელის ღირსეულად გაცილების სურვილი უამრავ ადამიანს გაუჩინა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაზე ცუდად გერმანელ დიზაინერს, ფილიპ ფლეინს გამოუვიდა. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შოუ გერმანელმა ბრაიანტს მიუძღვნა. საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ფილიპის გადაწყვეტილებამ, პოდიუმის გაფორმებისთვის ოქროსფერი ვერტმფრენები გამოეყენებინა. Philipp Plein ერთ-ერთ ყველაზე საკამათო გემოვნების მქონე დიზაინერადაა მიჩნეული, თუმცა ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდის პატივსაცემად, პოდიუმზე ვერტმფრენების ჩვენება მისგანაც კი, დაუჯერებლად არაგონივრული საქციელი იყო.
Getty Images Getty Images
კანიე უესტი და რიანა, მოდის 2 მამოძრავებელი ძალა, ისლამის შეურაცხყოფისთვის გააკრიტიკეს. აგვისტოში, კანიეს ბრენდმა, Yeezy – მ სპორტული ფეხსაცმელების ახალი მოდელები გამოუშვა, რომლებსაც ყურანში მოხსენიებული ანგელოზების, Israfil -ის და Asriel -ის სახელები უწოდა.

Chloe-ს სიმღერა Doom, რომელიც რიანამ Savage x Fenty-ს გაზაფხული/ზაფხული 2021 წლის ჩვენებისთვის გამოიყენა, სკანდალის მიზეზი გახდა, რადგან სიმღერაში ისლამური რელიგიის წმინდა ტექსტის, ჰადიტის ნაწყვეტებია გამოყენებული. ისლამში ჰადიტი მიჩნეულია წინასწარმეტყველი მუჰამედის სიტყვებად. ყურანის შემდეგ, ჰადიტი რელიგიაში ყველაზე წმინდა და მნიშვნელოვანი წიგნია. სიმღერაში გამოყენებული ნაწყვეტი კი მეორედ მოსვლის შესახებ იყო. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერლის გადაწყვეტილებას ბევრი უპასუხისმგებლოს და შეურაცხმყოფელს უწოდებდა.

თუ გვეგონა, რომ მოდაში #MeToo მომენტმა ჩაიარა, ვცდებოდით, რადგან 2020 წლის ბოლო მნიშვნელოვანი სკანდალი სწორედ ამ თემის გარშემო განვითარდა.
ამერიკელი სელებრითი დიზაინერი და ბალენსიაგას ყოფილი კრეატიული დირექტორი, ალექსანდრ ვენგი სკანდალში გაეხვა. Shit Model Management-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში მოდელები ვენგის მხრიდან სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაზე საუბრობენ. ვიდეოებს მოჰყვა კომენტარები გვერდის მკითხველების მხრიდანაც. როგორც ჩანს, ალექსანდრ ვენგის მსგავსი ქცევის შესახებ მოდაში დასაქმებული ადამიანებისთვის ცნობილი იყო. ისტორიები ძირითადად დამწყებ მამაკაც და ტრანსგენდერ მოდელებს ეხება. მათი თქმით, ვენგი მათ ათრობდა, ჩუმად უყრიდა ნარკოტიკებს სასმელებში და აუპატიურებდა. დიზაინერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. უცნობია როგორ აპირებს ალექსანდრ ვენგი წაყენებეული ბრალდებების არგუმენტირებულად და დამაჯერებლად უარყოფას.
