კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მოდის მდიდრულმა კონგლომერტმა LVMH-მა გასულ წელს გაყიდვებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. საუბარი 53.4 მილიარდ დოლარზეა, რაც 10 პროცენტით აღემატება 2017 წლის ასევე რეკორდულ მაჩვენებელს.

ლუი ვიტონი, დიორი, ლუევე, სელინი, ბერლუტი, ფენდი, ჟივანში, კენზო, მარკ ჯეიკობსი და ემილიო პუჩი – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ელვიემეიჩი ფლობს, თუმცა არაერთი მილიარდით გაზრდილი შემოსავალი რამდენიმე მათგანის დამსახურებაა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ვირჯილ აბლოს ლუი ვიტონისთვის შექმნილი პირველი მამაკაცის კოლექცია უფრო სწრაფად გაიყიდა, ვიდრე 2017 წელს კიმ ჯონსის Supreme-სთან თანამშრომლობით LV-სთვის შექმნილი კოლექცია. 48 საათში ტოკიოს პოპ-აპში ვირჯილის სადებიუტო 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სრულად ამოიყიდა, რომლისთვისაც ათასობით ადამიანი ელოდა მაღაზიასთან თავის რიგს. აღმასრულებელი ხელმძღვანელების განცხადებით ბრენდის მოგება „განსაკუთრებულ დონეს ინარჩუნებს.“

Louis Vuitton Spring 2019 Menswear. Photo: Yannis Vlamos / Indigital.tv

კვლავ მოწინავე ადგილზე რჩება დიორი, რომელიც „შესანიშნავ შედეგს აჩვენებს ყველა რეგიონსა და პროდუქტის კატეგორიაში.“ მყიდველისთვის მოთხოვნადია როგორც ბრენდის ქალის, ისე მამაკაცის ხაზი, რომლისთვისაც კიმ ჯონსმა სადებიუტო კოლექცია ვირჯილის მსგავსად 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის შექმნა.

ელვიემეიჩის წარმომადგენლების თქმით, „ამბიციურ პოზიციას“ იკავებს სელინი. ედი სლიმანის გავლენის გათვალისწინებით ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ის კრიტიკული შეფასებები, რომლებიც ბრენდისთვის მისმა სადებიუტო კოლექციამ დაიმსახურა, კითხვის ნიშნებს მაინც აჩენდა. განცხადება, რომ „ოქტომბერში მისმა პირველმა ჩვენებამ გლობალური წარმატება მოიპოვა“ 2019 წელს ელვიემეიჩის მიღებულ შემოსავალში სელინის გაზრდილ როლზე გვაფიქრებინებს.

Celine Spring 2019. Photo: Ik Aldama / Indigital.tv

ფრანგული კონგლომერატის გენერალური დირექტორი და თავჯდომარე ბერნარ არნო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც ელვიემეიჩი რიანასთან თანამშრომლობით ახალი მდიდრული ბრენდის შექმნით არის დაინტერესებული. როგორც აღნიშნა, რიანასთან თანამშრომლობის განვითარება მართლაც განიხილება, მაგრამ დაზუსტებით ჯერ ვერაფერს იტყვის.