უამრავი ადამიანის მზერა და კამერის ობიექტივია შენკენ მომართული, როდესაც წითელ ხალიჩაზე მათ წინაშე პოზირებას იწყებ. განხილვის ერთადერთი საგანი შენი ვიზუალია. შენი ნიჭი თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები მეორეხარისხოვანი ხდება. წითელ ხალიჩას მხოლოდ ის აინტერესებს თუ როგორ გამოიყურები და როგორ გიჭირავს თავი. ეს მრავალწლიანი ტრადიციაა, რომელიც არაერთი ღონისძიების ფორმალური მხარის დაწყებამდე საკუთარი თავის წარმოჩენას გულისხმობს. ზოგი ჩაცმულობასთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული კოდებით ინიღბება, არიან ისეთებიც თავიანთ ჩამოყალიბებულ სტილს რომ არ ღალატობენ, თუნდაც არ ერგებოდეს წითელი ხალიჩის ტენდენციებს, ზოგიც თავის თავს ექსპერიმენტის ნებას რთავს და ერთი დღით ხდება ისეთი, როგორიც მანამდე არავის ენახა. სკანდალი და ეპატაჟი წითელ ხალიჩას ხშირად თან ახლავს. სურვილი იყო გამორჩეული მისთვის მისაღებია. ეს სანახაობა, წარმოდგენაა. წითელ ხალიჩაზე წარდგომა გარდაუვალს ხდის შენზე საუბარს, ამიტომ აქ ქმნი ისეთ სახეს, როგორიც გინდა, რომ ხალხმა შეაფასოს.
წითელი ხალიჩა ყურადღების მიპყრობის ძალიან დიდ შანს იძლევა. მათზე უფრო მეტს საუბრობენ, ვინც გამორჩეულია. თუმცა აქტუალურობის მოპოვების ამ მარტივ შანსს ბუნებრივად თუ ბევრი ფიქრის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში ქალები იყენებდნენ. მამაკაცები უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ როცა ტრადიციული, დახვეწილი, სადა, როგორც წესი მუქი ფერის პიჯაკითა და შარვლით დგებოდნენ კამერების წინ. ისინი მარტივ გამოსავალს პოულობდნენ ერთგვარ უნიფორმად ქცეული კოსტუმის ტარებით. მაგრამ 2018 წელს წითელ ხალიჩაზე კაცები გამოირჩეოდნენ.
ჯარედ ლეტო
რთულია გაიხსენო სტილი, რომელიც ჯარედ ლეტოს თავის თავზე არ გამოუცდია. გრანჟი, კლასიკური, სპორტული, ბოჰემური, როკ ვარსკვლავის თუ პანკის სტილი, მინიმალიზმი თუ მაქსიმალიზმი, ტრენდები თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები – მან ყველაფერი სცადა. შემდეგ გამოჩნდა ალესანდრო მიკელე, რომელმაც გუჩის და ჯარედის სახე ერთდროულად გარდაქმნა. როცა ლეტო გუჩის 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის კოლექციის ჩვენებას დაესწრო, მისი მიკელეს შემოქმედებით აღფთოვანება პირველივე ლუქიდან გამოიკვეთა, როცა პოდიუმზე მოდელი გრძელი მწვანე პიჯაკით გამოვიდა. მიკელეს ნამუშევრები მან თავიდანვე მოირგო, თუმცა როცა აღნიშნული ჩვენებიდან ორ თვეში იმ მწვანე ლუქით საჯაროდ გამოჩნდა, უკვე ნათელი გახდა სად იპოვა ჯარედმა თავისი თავი და მრავალი მიმის მთავარ გმირადაც იქცა.

2018 წელს ჯარედის ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი ხალიჩის მომენტი მაისში გამართულ მეტ გალას უკავშირდება, რომლის თემაც „ზეციური სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა“ იყო. ღონისძიებაზე მისი შექმნილი იმიჯი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ლეტოს გუჩიში შემოსილი იესო ქრისტეს განსახიერება უნდოდა.

credit: Getty Images
ტიმოთი შალამე
მომენტის it boy. ის ჰიტად ქცეული პროექტის, ფილმ Call Me By Your Name-ს მთავარი გმირია. ახალგაზრდა, ლამაზი, საოცნებო ბიჭი თავისებური სტილით, ყველა იმ მახასიათებლით, რომელთაც მოზარდები თავიანთ კერპებს მიაწერენ. სტილისტებთან არ მუშაობს და სამოსის თავად შერჩევით იღებს სიამოვნებას, რაც ისეთი დიზაინერების მიყოლით უადვილდება, როგორებიც არიან: ჰაიდერ აკერმანი, ედი სლიმანი და რაფ სიმონსი.
წელს მსახიობმა წითელ ხალიჩაზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მასკულინური და ფემინური ელემენტების შერწყმა სამოსს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ნაზ დეტალებს კაცის მკაცრი სტილის სამოსი ესთეტიკის ახალ დონეზე აჰყავს.

credit: Getty Images
ეისაპ როკი
“I’m a trendy n****” ამბობს თავის სიმღერაში და დიახ, ეისაპი წარმოაჩენს იმას, რაზეც მოდა მიმდინარე მომენტში გვესაუბრება. მოდის მიმართ თავის დამოკიდებულებას მუსიკაშიც ავლენს, როცა იმ სახელებზე რეპავს, რომლებიც მოდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ვისაც მისი თუნდაც მხოლოდ ის პაპარაცული ფოტოები უნახავს, რომლებზეც გუჩის ჰუდთან ერთად დემნა გვასალიას ბალენსიაგას ქალის კოლექციისთვის შექმნილი ჟილეტი აცვია, რომელიც საცურაო გასაბერი ჟილეტის მოტივებზეა შექმნილი, შეიქმნიდა წარმოდგენას, რომ მას რისკების არ ეშინია. იმის მაგალითს თუ როგორ უნდა გაერთო მოდით მასთან სერიოზული მიდგომით ეისაპი იძლევა.

credit: Getty Images
წითელ ხალიჩაზე მისი გუჩის თავსაბურავით გამოჩენა 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოდური მომენტია. ეისაპისთვის უცხო არ არის ქალისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის და აქსესუარების მორგება, მაგრამ რუსი ბებიის, „ბაბუშკას“ როლში ყოფნით დაგვანახა, რომ შეუძლია ერთდროულად გვაცინებდეს და მოდის თანამედროვე ხატს წარმოადგენდეს.

credit: Getty Images
ეზრა მილერი
და ბოლოს, ეზრაზე უნდა ვილაპარაკოთ. მსახიობმა წითელ ხალიჩაზე შექმნა სახეები, რომლებიც მნახველს ერთდროულად ჰგვრის ღიმილს, აოცებს და აინტრიგებს. არცერთი მამაკაცი არ ყოფილა მილერისავით თეატრალური, ორიგინალური და საინტერესო წითელ ხალიჩაზე. ეზრას პირველ წითელი ხალიჩის ტრიუმფით დასრულებულ წარმოდგენად შეგვიძლია მონკლერის და პიერპაოლო პიჩოლის თანამშრმლობით შექმნილი ლუქით გამოჩენა ჩავთალოთ. შემდეგ ჯადოქრის როლში მოგვევლინა ხელის გულებზე ნაწერი „Avada Kedavra-თი“ ჟივანშის ქალის ოტ კუტიურში გამოწყობილი. მერე იყო დიორის მამაკაცის ჩვენება, რომლის წითელ ხალიჩაზეც პროფესორის იმიჯით ქაღალდებთან ერთად უჩვეულო აქსესუარით გამოჩნდა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები შამპანურით სავსე ჭიქას წარმოადგენდა, სინამდვილეში კი საწერი კალმის დანიშნულება ჰქონდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და სანახავი კიდევ ბევრი გვაქვს. ეზრა თამაშში ახლა ჩაერთო და ის უკვე შეუდარებელია.

credit: Getty Images