გაზვიადებული არ იქნება იმის თქმა, რომ მარკ ჯეიკობსს მოდა სისხლში აქვს გამჯდარი. ის მას ქმნის და მისით ცხოვრობს. საკმარისია მის პირად ინსტაგრამს თვალი ვადევნოთ და ამაში აუცილებლად დავრწმუნდებით. ამ სფეროში ერთგვარი პარადოქსი არსებობს – ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით გვკარნახობენ თუ როგორ უნდა ჩავიცვათ, უმეტესწილად, ყველაზე მოსაწყენი სტილი აქვთ. მაგრამ ეს არ ეხება ჯეიკობსს, რომლის ყოველდღიურობაც ერთგვარი თეატრია, სადაც თავისი ჩაცმულობით ცდილობს საკუთარი პერსონაჟი ბრწყინვალედ წარმოაჩინოს.
მარკის სტილი მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა. ახლა ის განსაკუთრებით ექსტრაორდინალურია და მოდის მიმართ მის სიყვარულს ისე ავლენს, როგორც არასდროს. ჯეიკობსის მომენტის ფავორიტი ბრენდი Courrèges-ია, რომლის ახალი კრეატიული დირექტორის, ნიკოლა დი ფელიჩეს, ქმნილებებს დიზაიერი ბოლო დროს ასე თავმომწონედ ირგებს. Courrèges სამოციან წლებში Paco Rabanne-თან და Pierre Cardin-თან ერთად მოდის ინდუსტრიაში ‘Spage Age‘ პერიოდის დაწყებაზე იყო პასუხისმგებელი. 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ეს გამორჩეული ერა მარკის ერთ-ერთი ინსპირაცია აღმოჩნა, ამიტომ მის ახალ კოლექციაში კოსმოსური ეპოქის არაერთი რეფერენსი გვხვდება. ასევე საგრძნობია ისეთი დიზაინერების გავლენა, როგორებიცაა: ჰალსტონი და რიკ ოუენსი. გარკვეული დეტალები დიზაინერის მიერ 1993 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე Perry Ellis-ის ჩვენებაზე წარმოდგენილ გრანჟ სამოსსაც გვახსენებს, რომლის გამოც მაშინ მან სამსახური დაკარგა.
ჯეიკობსი პოდიუმს 16 თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მან ბოლო კოლექცია 2020 წლის თებერვალში აჩვენა. სრულად ციფრული სეზონების შემდეგ, ის კვლავ აწყობს მოდურ პრეზენტაციას, თუმცა ამჯერად მასზე დამსწრე აუდიტორიას ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობას სთხოვს.
შოუ მეხუთე ავენიუზე, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო. კოლექციამ სხვადასხვა სტილი,ფერების თამამი შეხამება, კუტიურ სილუეტები, ლოგოს მოტივები, მრავალფეროვანი ტექსტურები და გაზვიადებული პროპორციები გააერთიანა. მას დიზაინერმა “ბედნიერება” უწოდა.



© Marc Jacobs
“დროებით შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამ საშუალება მოგვცა ტემპი შეგვენელებინა, დავფიქრებულიყავით, სიტუაცია შეგვეფასებინა, გადაგვეფასებინა, მწუხარება გამოგვეხატა და დაგვედინა თუ რა ჭრის და რა – არა, რა გვიყვარს და რისგან გვინდა თავის დაღწევა, რა არის ღირებული, მნიშვნელოვანი და აზრიანი,” – აღნიშნა მარკმა ჩვენების ჩანაწერებში. “კოლექციის შექმნა მრავალი თვის განმავლობაში ჩვენი ექტრაორდინალურად ნიჭიერი და ენთუზიაზმით აღსავსე ინდივიდებისგან დაკომპლექტებული პატარა ჯგუფისგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. და მაშინ, როცა მსოფლიო წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება, მოდის მიმართ ჩემი სიყვარული, შექმნისა და ამ სისტემით – THE RUNWAY – კოლექციების გაზიარების სურვილი არ ქრება.”
მიმდინარე სეზონზე ჯეიკობსმა Bergdorf Goodman-თან ითანამშრომლა. კოლაბორაციის ფარგლებში, მეხუთე ავენიუზე მდებარე BG-ს ფასადზე ჩვენება რამდენიმე საათის განმავლობაში გაეშვა. გარდა ამისა, კოლექციის შეძენა ექსკლუზიურად სწორად ამ ლეგენდარულ სავაჭრო სივრცეში იქნება შესაძლებელი.
Marc Jacobs შემოდგომა/ზამთარი 2021