სარა ჯესიკა პარკერი 1965 წლის 25 მარტს ამერიკაში, ოჰაიოს შტატში დაიბადა. აღიარება HBO -ს პოპულარული სერიალის, Sex and the City -ს გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. კერი ბრედშოუ, გამოგონილი პერსონაჟი, რომლის როლსაც სარა ასრულებს, სერიალების ისტორიაში ყველაზე საკულტო ფეშენისტაა. ის სუნთქავს და იკვებება მოდით, ცხოვრობს ქირით, ვერ ყიდულობს საკუთარ ბინას, თუმცა უარს ვერ ამბობს მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელზე და ოსკარ დე ლა რენტას კაბაზე უახლესი კოლექციიდან.

„საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ მაქვს და 40.000 დოლარი ფეხსაცმელებში მაქვს დახარჯული? სიბერეში ვიქნები ქალი, რომელიც თავის ფეხსაცმელებთან ერთად იცხოვრებს.“

კერი ბრედშოუს საკულტო როლმა სარას სახელი მოდის ისტორიაში ჩაწერა. პარკერი დაბეჭდილია ვოგის ყდაზე, მეტიც, ჭორები ვრცელდებოდა, რომ ვოგში ანა ვინტურის შემცვლელად სარას განიხილავდნენ. 2004 წელს, სერიალის ბოლო სეზონამდე ცოტა ხნით ადრე, პარკერმა Gap -თან 38 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარა სერიალს მიღმაც ძალიან გემოვნებიანი ქალია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით სილამაზის ზოგად სტანდარტებში არასდროს ჯდებოდა, მოახერხა და ვარსკვლავური კულტურის ერთ-ერთი სტილის კერპი გახდა.

პარკერმა არაერთი რეკორდი მოხსნა ამ სფეროში. შექმნა სუნამო, რომელიც ბესტსელერი გახდა ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდგომ კი ევროპაშიც. სარას ახალგაზრდობაში ყოველთვის აძაგებდნენ გარეგნობის გამო, იხვის ჭუკს უწოდებდნენ. თუმცა პარკერი თვლის სწორედ მისი გარეგნობის დამსახურებაა რომ თავის დროზე რეჟისორები მისით მოიხიბლნენ. ის ყველა გოგონასგან განსხვავდებოდა.

„რატომ ფიქრობენ ქალები, რომ ვიღაცის წინაშე ვალდებულნი არიან? ჩვენ გვინდა გვქონდეს იდეალური თაფლობის თვე და გვსურს გავაჩინოთ ბავშვები, თუ ჩვენ უნდა გვქონდეს იდეალური თაფლობის თვე და საჭიროა გავაჩინოთ ბავშვები? როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ”მინდა” და ”უნდა”, ან ”გვსურს” და ”საჭიროა”?! ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სხვის შეცდომებსაც ვერ ითვალისწინებ, საუკეთესო მეგობრისაც კი… რატომ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვსურს და რატომ ვგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას საჭიროებისამებრ? ჩვენ ხომ თავისუფლები ვართ? უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვსურს და რასაც გული გვკარნახობს. და მაინც… რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ვინმეს წინაშე?“