იაიოი კუსამამ და Louis Vuitton-მა პირველად 2012 წელს ითანამშრომლეს. იმ პერიოდში ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორი მარკ ჯეიკობსი იყო, რომელიც იაპონელ ხელოვანს პირველად 2006 წელს შეხვდა. მაშინ დიზაინერი კუსამას ტოკიოში მდებარე სტუდიაში ეწვია, სადაც ხელოვანმა მას კოპლებით გაფორმებული ბრენდის “Ellipse” ჩანთა წარუდგინა. ექვსი წლის შემდეგ, ჯეიკობსის ინიციატივით, კუსამამ Louis Vuitton-ის სამოსისა და აქსესუარების ხაზი თავისი ხელწერით გააფორმა.
ათი წლის შემდეგ, გახმაურებული თანამშრომლობა ისევ გრძელდება, რაც პირველად Louis Vuitton-ის 2023 წლის “კრუიზ” კოლექციის ჩვენებაზე გამჟღავნდა. ამჯერად კოლაბორაციას კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება. მომდევნო წლის პირველ ნახევარში პროდუტების ფართო ასორტიმენტის გამოშვება, კამპანიები და სხვადასხვა სახის აქტივობები არის დაგეგმილი.
© Louis Vuitton
WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ჟიზელ ბუნდჩენისთვის, ლია კებედესთვის, დევონ აოკისთვის, კრისტი ტარლინგტონისთვის და სხვა ცნობილი მოდელებისთვის სტივენ მეიზელის მიერ გადაღებული ფოტოები 26 დეკემბერს იაპონურ მოდის ჟურნალებში გამოჩნდება. პროდუქტების გაყიდვა 1 იანვარს იაპონიასა და ჩინეთში დაიწყება, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში მდებარე ბრენდის მაღაზიებში კი ისინი 6 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ყველა აქტივობას Louis Vuitton-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დელფინ არნო მეთვალყურეობს, რომელმაც ინტერვიუში აღნიშნა, რომ პროექტი უკვე წელიწად-ნახევარია იგეგმება და მისთვის მზადება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მიმდინარეობდა Zoom-ის და სხვა ტექნოლოგიების დახმარებით, რითაც ტოკიოში მყოფ კუსამასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა პარიზიდან ჰქონდათ. “მისი [იაიოის] შემოქმედების ერთ-ერთი ასპექტი ბედნიერებაა, ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ პანდემიის შემდეგ ვიტონის და კუსამას სამყაროების კიდევ ერთხელ გაერთიანება გამომაცოცხლებელი იქნებოდა,” – განაცხადა არნომ.
ტოკიო და მისი ღირსშესანიშნაობები ფიზიკური ინსტალაციებით, განათებებით თუ აუგმენტური რეალობის სახით უკვე მოიცვა Louis Vuitton-ის და იაიოი კუსამას პარტნიორობის ამსახველმა გამოსახულებებმა. არნოს თქმით, მომდევნო ქალაქებს შორის პარიზი, ლონდონი და ნიუ-იორკია.