
მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართული ყოველწლიური ღონისძიება, Met Gala, რომელიც მოდის ოსკარების სახელითაცაა ცნობილი, ტრადიციულად მაისის პირველ ორშაბათს იმართება. წელს მუზეუმში წითელი ხალიჩა პირველ მაისს გაიშლება და ვარსკვლავები პატივს მიაგებენ კარლ ლაგერფელდის ხსოვნას.
როგორც ყოველთვის, მოდის მოყვარულები მოლოდინს სპეკულაციებში ატარებენ, ვინ დაეწრება ღონისძიებას, ვინ რომელ დიზაინერს მოირგებს, ვის ეცმევა Chanel by Karl Lagerfeld? სტუმრების სიასთან დაკავშირებით, საუბარი და კამათი არც ამჯერად წყდება. დიდი ალბათობით, წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ ლაგერფელდის ცნობილ მუზებს, კრისტენ სტიუარტს, კარა დელევინსა და კირა ნაითლის, რომლებსაც შანელთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ.
ბუნებრივია, რომ როდესაც კარლ ლაგერფელდის კარიერაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში აზრად მისი Chanel-ში მოღვაწეობა მოგვდის. მიუხედავად იმისა, რომ კარლს ქლოესა და ფენდიშიც ფენომენალური კარიერა ჰქონდა, შანელი მისი ხედვისა და კრეატიულობის აპოთეოზია. აქედან გამომდინარე, ლუქები, რომელთა ხილვასაც წლევანდელი მეტ გალას წითელ ხალიჩაზე ვისურვებდი, ყველა შანელისაა.
Chanel Haute Couture გაზაფხული/ზაფხული 1997

აღნიშული კოლექცია კარლმა პარიზის რიც კარლტონში 1997 წლის 20 ივლისს წარადგინა. კოკო შანელის პირადი სტილით შთაგონებულ კოლექციაში აღნიშნული ლუქი, რომელიც სუპერმოდელმა ჰელენა კრისტენსენმა წარადგინა, გამორჩეული, გამომწვევი და სექსუალური იყო.
Chanel შემოდგომა/ზამთარი 1991

კარლმა ამ კოლექციით 1980-იანი წლების კულმინაცია და 90-იანების გრანჟის დასაწყისი გააერთიანა. მასში შეხვდებით 80-იანების ნეონსა და დიდი ზომის ქურთუკებს, ისევე, როგორც შავ კორსეტიან კაბებსა და ტყავის ქურთუკებს. რაც შეეხება აღნიშნულ ლუქს, „შიშველი კაბების“ ერაში, თუკი ასეთს წელსაც ვიხილავთ, მაშინ აჯობებს ის არქივული შანელი იყოს.
Chanel შემოდგომა/ზამთარი 1999

თუკი მეტ გალასთვის განწყობის შექმნა გსურთ, გადაავლეთ თვალი შანელის 1999 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ-კუტიურ კოლექციას. ამასთან, თუ გაინტერესებთ, რომელი ვარცხნილობის „გაშარჟება“ სურდა ჯერემი სკოტს მოსკინოს შემოდგომა/ზამთრის 2023 წლის კოლექციით, პასუხსაც მიიღებთ. კოლექციაში მეტ გალასთვის საკმაოდ ბევრი შესაფერისი კაბაა და აქედან გამომდინარე, რთულია მხოლოდ ერთის გამორჩევა.
Chanel Haute Couture გაზაფხული/ზაფხული 1999

1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც მინიმალიზმი და ნეიტრალური ფერები მოდაში დომინირებდა, კარლ ლაგერფელდმა პოდიუმზე მოდელები თავისუფალი ჭრების შარვალ-კოსტიუმებსა და მიდი ქვედაბოლოებში გამოიყვანა. თუმცა, მაღალი მოდის ჩვენება კარლისთვის სხვაგვარად ვერ გაიმართებოდა – ჩვენების ბოლოს მისი მაშინდელი მუზები, დევონ აიოკი და ესთერ კანადასი 90-იანების სულით გაჟღენთილ ვისკოზის კაბებში გამოჩნდნენ.
Chanel Haute Couture შემოდგომა/ზამთარი 2000

2000-იანებში, ქვედაბოლოების წელმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია, ვიდრე წინა დეკადაში. თუმცა, ამასთან, Y2K-ს კიდევ ერთ განმსაზღვრელი ელემენტი თეძოებზე შემოკრული განიერი ქამრები აღმოჩნდა. 2000 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის კარლს ეს ხედვა უკვე ჰქონდა, რომლის შთაგონებაც მან 1920-იანი წლების სტილიდან აიღო. რაც შეეხება აღნიშნულ კაბას, მწვანე აბრეშუმის კაბა ყოველთვის საკულტოა. მით უმეტეს, თუკი ის კარლ ლაგერფელდის მიერ შექმნილი არქივული შანელია.
Chanel Haute Couture გაზაფხული/ზაფხული 2004

შანელი სინონიმურია ტვიდთან, შესაბამისად წლევანდელი მეტ გალას წითელი ხალიჩა წარმოუდგენელია საკულტო ნაჭრის გარეშე. კარლის კონსერვატიული ტვიდის ლუქებიდან, ცოტა არ იყოს, რთულია რომელიმე წარმოიდგინო გრანდიოზული ღონისძიების წითელ ხალიჩაზე, თუმცა, სწორ ადამიანზე სწორი სტილიზირებით, შედარებით სახალისო ლუქი, მაგალითად აღნიშნული ბეჟი, ფოჩებიანი ტვიდის ორეული, სავსებით შესაძლებელია საღამოს ერთ-ერთ საუკეთესო ლუქად იქცეს.
Chanel Haute Couture შემოდგომა/ზამთარი 2004


აღნიშნული ხელით მოქარგული თეთრი კაბა ოქროსფერი ოპერის ხელთათმანებით, ისეთივე ლამაზი და თვალწარმტაცია, როგორც 20 წლის წინ.
Chanel Haute Couture გაზაფხული/ზაფხული 2007


2007 წლის ოტ-კუტიურის ფინალური ლუქი, ტრადიციულად, საპატარძლო კაბა, პოდიუმზე დანიელმა ტოპ-მოდელმა და კარლის მუზამ, ფრეია ბეა-ერიქსენმა წარადგინა. კაბა “ტრანსფორმერი” კაპიუშონიანი, ბუმბულებიანი მოსაცმელით, თითქოს, წითელი ხალიჩისთვისაა შექმნილი. ამასთან, ის ასევე ეხმაურება „შიშველი კაბების“ მოყვარულთა სტილს.
Chanel 2012 წლის წინა-საშემოდგომო

Paris-Mumbai კოლექციის ინსპირაცია კარლ ლაგერფელდისთვის, როგორც ამას სახელიდან მიხვდებოდით, ინდოეთი გახდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კარლს ინდოეთში არასდროს უმოგზაურია. “ჩემთვის ზოგჯერ [ქვეყნებში] არ წასვლა უფრო შთამაგონებელია, ვიდრე წასვლა,” აღნიშნა დიზაინერმა ვოგთან საუბარში ჩვენების შემდეგ. შესაძლოა 2023 წელს ეს კომენტარი პროვოკაციული ყოფილიყო და ტიკ-ტოკზე უდიდესი გამოხმაურება მოჰყოლოდა, თუმცა კარლი ცნობილი იყო პროვოკაციული და ორაზროვანი კომენტარებით და მას ეს ნამდვილად არ ადარდებდა. ფაქტია, რომ კარლის მიერ ინდოეთის შთაგონებით შექმნილი კოლექცია სავსეა შთამბეჭდავი ლუქებით და, როგორც სხვა კოლექციებში, აქედანაც რთულია ერთის გამორჩევა.
Chanel Haute Couture გაზაფხული/ზაფხული 1994

მას შემდეგ, რაც სინდი კროუფორდი შანელის ჩვენებაზე პირველად გამოვიდა, ის კარლს იმდენად მოეწონა, რომ საშუალება მისცა შანელის ბუტიკში შეერჩია რაც მას სურდა. წლების განმავლობაში, სინდი კარლის ერთ-ერთი გამორჩეული მუზა იყო. 2010-იანების ბოლოს, კარლის მუზა გახდა, კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერიც.
რამდენიმე ბონუსური ლუქი:









