მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება, ახალი კულტურის გაცნობა არამხოლოდ აფართოვებს ჩვენს თვალსაწიერს, არამედ ყველაზე ცოცხალ მოგონებებსაც გვიტოვებს. მოგზაურობა აღმოჩენებით სავსე პროცესია, ეს კი მას დიდ მისტიკას მატებს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ ის ხშირად ხდება კინემატოგრაფიისათვის შთაგონების წყარო.
გავიხსენოთ რამდენიმე ფილმი, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვამოგზაურა.
The Talented Mr. Ripley – ისკიას ნახევარკუნძული და რომი
ჯუდ ლოუს, გვინეტ პელტროუსა და მეთ დეიმონის სამსახიობო პარტნიორობასთან ერთად, კინოსურათი ულამაზესი პეიზაჟების კადრებითაც გამოირჩევა.
Frida – მექსიკა
ფილმი გვიჩვენებს ლეგენდარული არტისტის – ფრიდა კალოს ცხოვრებას გასული საუკუნის 70-იანი წლების ფერად მექსიკაში.
Out of Africa – კენია
ყავის პლანტაციები, უძველესი აფრიკული ტომი და კენიის საოცარი ხედები – ამ ყველაფრის ფონზე, მერილ სტრიპისა და რობერტ რედფორდის სამსახიობო პარტნიორობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება.
Seven years in Tibet – ტიბეტი
ფილმი რეალურ პერსონაზე – ავსტრიელ მთამსვლელ ჰეინრიჰ ჰარერზე გვიამბობს, რომელსაც 34 წლის ბრედ პიტი განასახიერებს. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. კინოსურათში ტიბეტი მთელი თავისი მისტიკურობით და განსაკუთრებული სილამაზით არის ნაჩვენები.
The Darjeeling Limited – ინდოეთი
ფერების, სიმეტრიისა და სახასიათო ესთეტიკის შექმნის დიდოსტატის – უეს ანდერსონის ნამუშევარი ინდოეთში გამოგზაურებთ. როგორც ჟურნალმა Vogue-მა ერთ-ერთ სტატიაში დაახასიათა – The Darjeeling Limited არის ფილმი, რომლითაც ინდოეთი ნაჩვენებია ისე გენიალურად, როგორც ეს მხოლოდ უეს ანდერსონს შეუძლია.
Lost in Translation – ტოკიო
ორი ადამიანის ახლო მეგობრობა, რომელიც უშველებელ უცხო ქალაქში, განსხვავებულ კულტურაში ძლიერ გრძნობებად იქცევა. Lost in Translation სკარლეტ იოჰანსონის, ბილ მიურეის და ტოკიოს ჰარმონიული ტრიო აღმოჩნდა.
A bigger splash – პანტელერიას კუნძული
საკულტო ფრანგული ფილმის – “საცურაო აუზის” ახლებური ვერსია, რომელიც იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ გადაიღო. სიცილიასა და ტუნისიას შორის მდებარე ეს კუნძული ულამაზესი ხედებით გამოირჩევა, რომლებიც იდეალურად ზის ფილმის ესთეტიკასა და განწყობაში.
Eat pray love – იტალია, ინდოეთი ბალი
სხვადასხვა კულტურის კონტრასტული თავისებურებები, კულინარია და საკუთარი ადგილის ძიება – ცოტა ფილმი აღწერს მოგზაურობის პროცესს ისე მიმზიდველად, როგორც Eat pray love.
Vicky Cristina Barcelona – ბარსელონა
ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული მეგობრის მოგზაურობა ბარსელონაში. ფილმი სხვადასხვა ხასიათის, და ინტერესების ადამიანების საინტერესო კავშირს გვიჩვენებს და თანაც ეს ყველაფერი ერთ-ერთ ყველაზე ტემპერამენტიან ქვეყანაში ხდება.
Call Me by Your Name – იტალია
პეიზაჟები, ექსტერიერი, ინტერიერი, კოსტიუმების დიზაინი, მუსიკა – ლუკა გუადანინოს ამ ფილმში ყველაფერი 80-იანი წლების იტალიის საკურორტო ძველი დასახლების ესთეტიკას ქმნის. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებულ ხასიათს მატებს ტიმოთი შალამეს და არმი ჰამერის ქიმია.