მოდის ინდუსტრია ცვალებადია. ის რაც დღეს აქტუალურია, ერთ წელში შესაძლოა სრულად გაქრეს ქუჩის სტილიდანაც კი. ხდება პირიქითაც – კარგად დავიწყებული ტრენდი უწინდელ პოპულარობას იბრუნებს და მისი ახალი ვარიაციები ყველაზე მოდურ ტენდენციებს ქმნის. მიუხედავად ამ ცვალებადი ხასიათისა, სხვადასხვა დროს, მოდის არაერთმა ცნობილმა დიზაინერმა წარადგინა სამოსი, ფეხსაცმელი, ჩანთა, ან აქსესუარი, რომლებმაც მოდის ცვალებად ხასიათს გაუძლეს და კლასიკად იქცნენ.
თვალი გადავავლოთ მოდის ინდუსტრიის რამდენიმე უცვლელ ტრენდს, რომლებიც დიზაინერების საკულტო ქმნილებებმა განაპირობეს.
Burberry-ის თრენჩი

Burberry-ის ცნობილი თრენჩის თავდაპირველ ვერსიას მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელი ჯარისკაცები ატარებდნენ. მის დიზაინს Tielocke ეწოდებოდა და სპეციალური სტანდარტებით იკერებოდა, რათა სამხედრო მოსამსახურეები მკაცრ კლიმატში მაქსიმალურად თბილად ყოფილიყვნენ. ასო D-ის ფორმის ქამრის ბალთა მხოლოდ დიზაინის ნაწილი არ იყო, ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა – მასში შეიძლებოდა სხვადასხვა ნივთის, მაგალითად რუკის ჩამაგრება. მოგვიანებით Burberry-მ დიზაინი დააპატენტა, დახვეწა და მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქმნილებადაც იქცა.
პატარა შავი კაბა – The Little Black Dress
გასული საუკუნის 20-იან წლებამდე, ქალები შავი ფერის სამოსს გლოვის დროს ატარებდნენ. მისი სხვა შემთხვევებში ტარება არ იყო მიღებული. თუმცა, ლეგენდარულმა დიზაინერმა კოკო შანელმა ეს ეტიკეტი სრულიად შეცვალა და შავი ყველაზე მოდურ ფერად აქცია. “პატარა შავი კაბის” გავლენა 1926 წლიდან იწყება, როდესაც ჟურნალმა Vogue-მა მისი ესკიზი გამოაქვეყნა. ხოლო, როცა ოდრი ჰეპბერნი ფილმში “საუზმე ტიფანისთან” სწორედ ამ დიზაინის სამოსით გამოჩნდა, ეს ტრენდი ნამდვილ ჰიტად და გარდერობის მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა.

Chanel 2.55

1955 წელს, კოკო შანელმა წარადგინა ჩანთის მოდელი, სახელწოდებით Chanel 2.55, რომლითაც ისტორია შექმნა. თუ ამ დრომდე, მაღალი კლასის ქალებისათვის, ჩანთას მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა ჰქონდა, ეს მოდელი პრაქტიკული გამოყენებისათვის შეიქმნა. ოპტიმალური მოცულობის მხარზე გადასაკიდებელი Chanel 2.55 საკმაოდ ტევადი იყო. დიზაინი მომენტალურად პოპულარული გახდა. მასზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ კოკო შანელმა წინასწარ შეკვეთებზე უარი თქვა.
Louboutins – ცნობილი წითელძირიანი ფეხსაცმელი

კრისტიან ლუბუტანის წითელძირიანი ფეხსაცმელი სექსუალურობისა და ფემინურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა. მას ხასიათის შესაქმნელად ხშირად იყენებენ ფოტოგრაფიაში, კინოსა და სარეკლამო ინდუსტრიაში. მიუხედავად ასეთი ცნობადობისა, ცოტამ იცის ისტორია, რომელიც ამ საკულტო მოდელის უკან დგას. დიზაინერს მისი შექმნა თავისმა ასისტენტმა შთააგოგა. ის ფრჩხილებს ყოველთვის წითლად იღებავდა. ერთხელაც ლუბუტანმა სცადა და მისი ფრჩხილის ლაქით ფეხსაცმლის ძირი შეღება – ასე დაიბადა ახალი ტრენდი. Louboutins-ის ერთ-ერთი პირველი მყიდველი მონაკოს პრინცესა იყო. ამ დიზაინით პირველი ფეხსაცმელი 1993 წელს შეიქმნა.
Hermès Birkin

ყველა დროის ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ჩანთის მოდელის ისტორია Hermès-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ჟან-ლუი დიუმას და მსახიობ ჯეინ ბირკინის გაცნობით დაიწყო. დიუმა და ბირკინი ერთმანეთს 80-იან წლებში, ერთ-ერთი ფრენისას შეხვდნენ. ისინი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, როცა ჯეინს ჩანთიდან ნივთები გადმოუცვივდა. მოგვიანებით, ჯეინ ბირკინი ინტერვიუში იხსენებდა – “მან მითხრა, შენ გჭირდება ჩანთა ჯიბეებით. ასეთ ჩანთას მე შევქმნი შენთვის”. ასე იქცა ჯეინ ბირკინი მისივე სახელობის ცნობილი ჩანთის მოდელის ინსპირაციად, მისი სახელობის ჩანთა კი მოდის უცვლელ ტრენდად.
YSL-ის სმოკინგი

1966 წელს, Yves Saint Laurent-მა წარადგინა “Le Smoking Tuxedo”. ეს მოდელი ინოვაციური ხედვა იყო, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგებოდა. დიზაინმა ქალებს საშუალება მისცა ყოფილიყვნენ ფემინურები და მასკულინურები ერთდროულად. ამ დროიდან, ქალებს შეეძლოთ ჩაეცვათ ეს ელეგანტური სამოსი ყოველდღიური სადილებისას, ან საგანგებო ღონისძიებების დროს. YSL-ის სმოკინგი, რომელიც სტილის სხვადასხვა ვარიაციის საშუალებას იძლევა, იქცა იმ ტრენდად რომელმაც დროს გაუძლო.
დიანა ფონ ფურსტენბერგის “გადასადები” კაბა.
დიანა ფონ ფურსტენბერგი
Vogue-მა ამ მოდელს ქალთა სექსუალური განთავისუფლების სიმბოლო უწოდა. ის 1974 წელს, დიზაინერმა დიანა ფონ ფურსტენბერგმა შექმნა და მალევე მოდურ სენსაციად იქცა. ეს მარტივი და, ამავდროულად, დახვეწილი მოდელი ყველა აღნაგობის ქალს უხდებოდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც იქცა ის ასეთ პოპულარულ ქმნილებად.
Chanel-ის პიჯაკი

1923 წელს, კოკო შანელმა ჟურნალისტების მცირე ჯგუფი საკუთარ სალონში დაპატიჟა და ახალი კოლექცია წარუდგინა. სხვადასხვა მოდელს შორის, ერთ-ერთი იყო მომავალში უკვე საკულტოდ აღიარებული პიჯაკი. თავდაპირველად, მოდის კრიტიკოსები ამ დიზაინმა არ აღაფრთოვანა და მიმოხილვაშიც მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები. მაგრამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კოკომ კვლავ წარადგინა ეს მოდელი და ამჯერად უკვე დიდი წარმატებით. ამ ქმნილებამ დიდი გავლენა მოახდინა პიჯაკების სტილზე და მისი შთაგონებით შექმნილი არაერთი მოდელიც გაჩნდა.
Calvin Klein-ის მინიმალისტური კაბა
თუ 20-იან წლებში სენსაციად “პატარა შავი კაბა” იქცა, 90-იანების ტრენდი Calvin Klein-ის მინიმალისტური დიზაინით შექმნილი ეს კომფორტული მოდელი აღმოჩნდა, რომელსაც “Slip Dress”-ის სახელით ვიცნობთ. დიზაინის წარდგენიდან დღემდე, მისი სხვადასხვა ვერსია არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოირგო. Slip Dress განსაკუთრებული პოპულარობით წითელ ხალიჩებზე სარგებლობს.
Dior-ის ბალეტის ქვედაბოლო
კრისტიან დიორს მიაჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ევროპას მოდაში მეტი ფერადოვნება და შთამბეჭდავი ესთეტიკა უნდა დაებრუნებინა. ამის გამოხატულება იყო სწორედ მისი საკულტო კოლექცია New Look. ამ კოლექციის ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილი კი ბალერინას კაბა გახდა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღემდე აქტუალურ სტილად მიიჩნევა.