სექტემბერი მოდის სამყაროში ახალი სეზონის დაწყებას ნიშნავს, ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი თვეა, რომელსაც მოდის მოყვარულები და არა მხოლოდ, მღელვარებით ელიან. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე დაგეგმილ ჩვენებებს, რადგან დიდწილად,  სწორედ ამ ქალაქებში ეწყობა საერთაშორისო მოდის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დიზაინერების ახალი კოლექციების ჩვენებები. 

ხაზგასასმელია სეზონიც – 10 სექტემბრიდან მოდის სახლები 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ. მაღალი მოდის ბრენდების უმრავლესობა კოლექციებს პოდიუმზე ერთი სეზონით (6 თვით ადრე)  წარადგენს, ხოლო გაყიდვაში, წარდგენიდან 6 თვის თავზე უშვებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ 2026 წლის სექტემბერში 2027 წლის გაზაფხულის სეზონის კოლექციებს ვიხილავთ.    

ნიუ-იორკის მოდის კვირეული: 10 – 15 სექტემბერი

ნიუ-იორკის მოდის კვირეული 10 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს (CFDA) მიერ გამოქვეყნებული კალენდრის მიხედვით, ამ სეზონზე მოდის კვირეულში, დაახლოებით, 70 ჩვენება და პრეზენტაციაა დაგეგმილი.  კვირეული Diane von Furstenberg-ის ჩვენებით გაიხსნება, გახსნით დღეს იგეგმება ისეთი ბრენდების ჩვენებები, როგორებიცაა: Proenza Schouler, Tommy Hilfiger, Christian Siriano, Tory Burch და Public School New York. კალენდარში ვხვდებით ამერიკული მოდის ცნობილ ბრენდებს, მათ შორის: Calvin Klein Collection-ს, Michael Kors Collection-ს, Carolina Herrera-სა და Altuzarra-ს. ნიუ-იორკში კვირეული დაიხურება 15 სექტემბერს, Thom Browne-ის ჩვენებით. სრულად კვირეულის განრიგი იხილეთ ლინკზე.

(c) Ralph Lauren / ნიუ-იორკის მოდის კვირეული

ლონდონის მოდის კვირეული: 17 – 21 სექტემბერი

ნიუ-იორკის შემდეგ,  მოდის კვირეული ლონდონში გადაინაცვლებს, სადაც ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბრენდ Alexander McQueen-ის დაბრუნებაა. დიზაინერი Seán McGirr ბრენდისთვის ახალ კოლექციას 20 სექტემბერს წარადგენს, ეს მისთვის, როგორც მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელისთვის, ლონდონში პირველი ჩვენება იქნება. ლონდონში ახალ კოლექციას წარადგენს ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურიაც, Keburia-ს ჩვენება 17 სექტემბერს, ლონდონის დროით 12:00 საათზე იგეგმება. ლონდონში მოდის კვირეულს Burberry-ის მოდის სახლი დაასრულებს.  სრულად კვირეულის განრიგი იხილეთ ლინკზე.

(c) Burberry / ლონდონის მოდის კვირეული

მილანის მოდის კვირეული: 22 – 28 სექტემბერი

მილანის მოდის კვირეული 22 სექტემბერს, Prada-ს ჩვენებით გაიხსნება. განსაკუთრებით დატვირთული იქნება 23-25 სექტემბერი – დაგეგმილია შემდეგი ბრენდების ჩვენებები: Fendi, Jil Sander, Missoni, Marni, Max Mara, Gucci. ახალ სეზონზე განსაკუთრებით საინტერესოა Moschino, რადგან ბრენდში დებიუტია, დიზაინერები Loris Messina და Simone Rizzo ბრენდისთვის პირველ კოლექციას წარადგენენ. 

მოდის ქართველი მოყვარულებისთვის საინტერესოა 25 სექტემბერი, რადგან სწორედ 25 სექტემბერს გამართავენ ახალი კოლექციების ჩვენებებს ქართველი დიზაინერები: დემნა, დავით კომახიძე და გალიბ გასანოვი.  გალიბ გასანოვი თავისი ბრენდის, INSTITUTION-ის ახალ კოლექციას წარადგენს 25 სექტემბერს 10:30 საათზე, 12:30 საათზე ვიხილავთ დავით კომახიძის ჩვენებას Blumarine-ს მოდის სახლისთვის, ხოლო 14:00 -ზე – დემნას “გუჩის” ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართება. 

მილანის მოდის კვირეულზე ხაზგასასმელია ისიც, რომ კალენდარში კვლავ არ არის Versace არ იქნება, ბრენდის ახალი შემოქმედებითი დირექტორი, Pieter Mulier თავის პირველ კოლექციას 2027 წლის თებერვალში წარადგენს.

(c) Dolce & Gabbana / მილანის მოდის კვირეული

პარიზის მოდის კვირეული: 28 სექტემბერი – 6 ოქტომბერი 

პარიზის კვირეულის ახალ სეზონზე, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე 29 სექტემბერი იქნება – Dior, Maison Margiela და Saint Laurent ახალ კოლექციებს სწორედ ამ დღეს წარადგენენ. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შემდეგი ბრენდების ჩვენებები: Chloé, Balenciaga, Loewe, Givenchy, Celine, Hermès, Miu Miu და Valentino.

ამ სეზონზე პარიზში არ გაიმართება Rabanne-ს ჩვენება, რადგან “ვერსაჩეს” მსგავსად, აქაც ახალი დიზაინერი ემზადება დებიუტისთვის. ბრენდის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი,  Olivier Rousteing, მოდის სახლში, თავის სადებიუტო ჩვენებას 2027 წლის მარტში გამართავს.  რაც შეეხება თანამედროვე მაღალი მოდის ყველაზე განხილვად ბრენდსა და დიზაინერს, მეთიუ ბლაზი Chanel -ის ახალი კოლექციის ჩვენებას 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე წარადგენს.  

კვირეულის დასკვნით დღეს იგეგმება ქართული ბრენდის, “სიტუაციონისტის” ახალი კოლექციის ჩვენებაც. დიზაინერი ირაკლი რუსაძე Situationist-ის ჩვენებას 6 ოქტომბერს, 15:30 საათზე წარადგენს. კვირეულის დახურვის პატივი კი, Louis Vuitton -ს ხვდა წილად. ფრანგი დიზაინერი, ნიკოლა ჟესქიერი “ლუი ვიტონის” ახალ კოლექციას 6 ოქტომბერს, 18:30 საათზე წარადგენს, რითიც ოფიციალურად დაიხურება პარიზის მოდის კვირეულის და საერთაშორისო მოდის კვირეულების დიდი ოთხეულის ციკლი.  სრულად კვირეულის განრიგი იხილეთ ლინკზე.

(c) Chanel – პარიზის მოდის კვირეული

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თუ გასული წლის სექტემბრის მოდის კვირეულები დატვირთული იყო სადებიუტო ჩვენებებით, ვიხილეთ ახალი დიზაინერების პირველი კოლექციები ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Dior, Chanel, Gucci, Balenciaga და ასე შემდეგ,  2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზი უფრო იმის დაკვირვებაა თუ როგორ ვითარდებიან ბრენდები.