2001 წელს, ნიკოლა ჟესქიერი ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩანთა, რომელიც გაყიდვაში ყოყმანით გამოუშვა, 20 წლის შემდეგაც, ქალების საყვარელი აქსესუარი იქნებოდა.

ჟესქიერი ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორად 1997 წელს დაინიშნა. 2000-იანი წლების დასაწყისში, ბრენდი ფინანსურად სტაბილური არ იყო, რის გამოც ფრანგ დიზაინერს შეზღუდული რესურსებით უწევდა მუშაობა.

ბიზნესის თვალსაზრისით, ტრენდული და კარგად გაყიდვადი ჩანთა საუკეთესო რამ იყო, რაც მაშინ, ბალენსიაგაში შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ბრენდში ნიკოლას ხედვას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა, ამიტომ თვეების განმავლობაში, ჩანთას დღის სინათლე არ უნახავს.

პირველად, “Motorcycle Bag“ ფრანგმა დიზაინერმა ბალენსიაგას 2001 წლის კოლექციისთვის შექმნა. როგორც ჟესქიერი იხსენებს, ჩანთის კომერციული პოტენციალი ტოპ მოდელების და გამორჩეული სტილის მქონე ქალების დაინტერესების შემდეგ ირწმუნა.

„ბალენსიაგაში არასდროს არავის უფიქრია, რომ ეს ჩანთა შეიძლებოდა წარმატებული გამხდარიყო, მაგრამ სტუდიაში მორგებაზე მოსული ქალები, რომლებიც შემთხვევით შენიშნავდნენ,  გვეუბნებოდნენ: „ამ ჩანთას რატომ არ ყიდით? გვინდა!“ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ცოტა გამოგვეშვა, სულ 25. შემდეგ დავამატეთ, კიდევ დავამატეთ და საბოლოოდ, ჩვენი ყველაზე გაყიდვადი ნივთი გახდა. უნდა ითქვას, რომ ეს ჩანთა ჩვენს ბიზნესს ძალიან დაეხმარა“. – ნიკოლა ჟესქიერი.

მყიდველები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩანთის ხიბლი ვინტაჟურ იერშია, თუმცა ამასთან ერთად, Motorcycle Bag იდეალურად წარმოადგენდა ბალენსიაგაში ნიკოლას ხედვას და ზოგადად ბრენდის ფილოსოფიას, რომელიც უკვე 20 წელია „ახალი კუტიურის“ შექმნაზე დგას. წარმატების ფორმულაც სწორედ აქ უნდა ვეძიოთ. ბალენსიაგას „ახალი კუტიური“ 2000-იანების დასაწყისში და დღესაც, მარტივის, ტარებადის და ძვირადღირებულის გაერთიანებაა. ეს ჩანთა კი სწორედ „ყოველდღიური კუტიურის“ სიმბოლოა.