ყველაზე უჩვეულო მოდის კვირეულების სეზონი 10 დღის წინ დაიწყო. ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, კორონავირუსის პარალელურად, ძალიან ბევრმა ცნობილმა ამერიკელმა დიზაინერმა ჩვენების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მარკ ჯეიკობსმა, მაიკლ კორსმა, პროენზა სქულერის ჯეკ მაკქალამ და ლაზარო ჰერნანდეზმა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წარდგენის თარიღი გაურკვეველი დროით გადაწიეს, ხოლო ტომ ფორდმა და რალფ ლორენმა კატალოგები გამოაქვეყნეს.

Ralph Lauren – ის ქალის სამოსის კატალოგში 35 ლუქია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კოლექციის სეზონია 2020 წლის შემოდგომა/ზამთარი, რაც ნიშნავს, რომ ლორენი კვლავ აგრძელებს “See Now Buy Now” მოდელით მუშაობას.

შექმნილი რეალობის ფონზე, როდესაც არავინ იცის როდის დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, პრაქტიკული და კომერციული სამოსი არის ის, რაც მყიდველებს სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ რალფ ლორენმა კოლექცია პანდემიით გამოწვეული იზოლაციის დაწყებამდე შექმნა, 35 ლუქი ასახავს განწყობას, რომელიც მის გულშემატკივრებს აქვთ კორონავირუსის გლობალურად აფეთქებიდან თითქმის 6 თვის შემდეგ.

Ralph Lauren შემოდგომა/ზამთარი 2020


CFDA – ს თავჯდომარის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტომ ფორდის მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ ბრენდ Tom Ford -ზე არ ახდენს გავლენას. მიმართულება, რომელსაც ტომი საკუთარ ბრენდს აძლევს, ბევრი ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერისთვის არის მისაბაძი.

ტომი ჩვენების გამართვის საკითხზე:

„ნორმალურ ჩვენებებს 2021 წლის სექტემბრამდე [2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონამდე] არ ველი. თებერვლისთვის გავაკეთებ კოლექციას, მაგრამ ჩვენებას არ გავმართავ. პირველი ნორმალური სეზონი, ჩემი აზრით, ამ დროს იქნება.“

ახალ კოლექციაზე:

„კოლექციის საერთოდ შექმნა გამოწვევა იყო. ეს თითქმის განუხორციელებელი აზრი იყო. არ ვთვლი, რომ ახლა რადიკალური მოდური კონცეფციების შემუშავების დროა. ჩემთვის ახლა სწორი მშვიდი ტანსაცმლის შექმნაა, რომელიც სახეზე ღიმილს მოგვგვრის. ეს არ არის ტანსაცმელი, რომელიც პოდიუმზე დიდ ეფექტს მოახდენს. ისინი დროის შესაბამისია და ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს. სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც არსებობს – ბიუჯეტი და მორალური პასუხისმგებლობა. შოუზე რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვას მირჩევნია, თანამშრომლებს გადავუხადო. ასევე მგონია, რომ ახლა აუდიტორიის შეკრება საშიში, უპასუხისმგებლო და არასასურველია.“.

რალფ ლორენისგან განსხვავებით, Tom Ford – მა “See Now Buy Now” მოდელზე უარი თქვა. შესაბამისად, ფოტოებზე გამოსახული ფერადი, ან როგორც ტომი უწოდებს, ღიმილის მომგვრელი კოლექცია არის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხული.

Tom Ford გაზაფხული/ზაფხული 2021