ყველა დიდებული დიზაინერის კარიერაში დგება მომენტი, როდესაც მისი შემოქმედება იმდენად ყოვლისმომცველი და გავლენიანი ხდება, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაინტერესებთ მოდა, ის მაინც შემოაღწევს თქვენი სიახლეების ველში.


თვალი გადავავლოთ ქართველი დიზაინერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს გასულ 12 თვეში:

ისტორიული დებიუტი

1968 წლის შემდეგ, ბალენსიაგას პირველი „ოტ-კუტიურ“ კოლექციის ჩვენება 7 ივლისს, პარიზში გაიმართა. ეს იყო შოუ, რომელსაც წელს ყველაზე მეტად ელოდნენ და შოუ, რომელმაც დემნა გლობალური მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში მოახვედრა.

გუჩიაგა – “Hacker Project”

მოდაში თუ რამე აღარავის უკვირს ეს, პირველ რიგში, სიახლეებია კოლაბორაციების შესახებ, მაგრამ თავისი მასშტაბებით, Gucci x Balenciaga ახალ განაცხადად შეფასდა. იტალიური მოდის ყველაზე ძვირადღირებულმა ბრენდმა, გუჩიმ 100 წლის საიუბილეო ჩვენებაზე დემნასთან კოლაბორაცია წარმოადგინა. შედეგად, ქართველი დიზაინერი არა მხოლოდ ბალენსიაგას, არამედ გუჩის დიდებული ისტორიის ნაწილიც გახდა.

Gucci x Balenciaga

DONDA / დონდა

აგვისტოში, გრემის 22 ჯილდოს მფლობელმა არტისტმა, ქანიე ვესტმა თავისი რიგით მეათე სტუდიური ალბომის, DONDA-ს გამოსვლა მასშტაბური კონცერტებით აღნიშნა. ქანიემ DONDA-ს შემოქმედებით დირექტორად დემნა დაასახელა. დემნას ხელმძღვანელობით, აშშ-ში, კერძოდ ატლანტასა და ჩიკაგოში 2 კონცერტი გაიმართა. ქანიესთან ერთად, შოუში მონაწილეობდნენ ტრავის სკოტი და მერლინ მენსონი.

დემნა და ქანიე ვესტი ატლანტაში, ჯორჯიას შტატი.

Met Gala / მეტ გალა

დემნას კარიერამ აღმავლობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ქართველი დიზაინერი ანონიმურობას ამჯობინებდა. ის თითქმის არ ჩნდებოდა გახმაურებულ დაჯილდოებებსა, თუ ღონისძიებებზე. 2021 წელს დემნა ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა.

13 სექტემბერს, ნიუ-იორკში მოდისა და პოპ-კულტურის ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება – Met Gala გაიმართა. მას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის: რიანა, ამანდა გორმანი, ფრენკ ოუშენი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები,  ტიმოთი შალამე, ბილი აილიში, ტრეისი ელის როსი, ემილი ბლანტი და სხვები. 

2021 წლის მეტ გალას ვარსკვლავი დემნას ბალენსიაგა გახდა. სწორედ დემნას კოლექციებით წარსდგნენ წითელ ხალიჩაზე: იზაბელ იუპერი, რიანა, ელიოტ პეიჯი, ტრეისი ელის როსი და რა თქმა უნდა, კიმ კარდაშიანი. კიმთან ერთად გამოჩნდა დემნაც, რომელმაც საკუთარი ჩრდილიდან და ანონიმურობიდან გამოსვლა ორიგინალურად და ირონიულად, „ჩრდილის იმიჯით“ გამოხატა.

დემნა & კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე

The Simpsons / სიმფსონები

ბალენსიაგას ოტ-კუტიურ შოუს შემდეგ, ყველა ფიქრობდა, რომ უახლოეს მომავალში, შეუძლებელი იყო დემნას კიდევ უფრო ეფექტური და გახმაურებული მომენტი შეექმნა, თუმცა 2 ოქტომბერს, „სიმფსონების“ და ბალენსიაგას სპეციალური ეპიზოდის ჩვენებით, ქართველმა დიზაინერმა მოლოდინს გადააჭარმა. მოდის ინდუსტრია დარწმუნდა, რომ ახლა დემნას შესაძლებლობებს ზღვარი მართლაც არ აქვს.

ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო

2017 წელს დემნა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც CFDA-ს საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მოიგო. ამ ჯილდოს მოდის ოსკარს უწოდებენ და ის დემნამდე მხოლოდ 20 დიზაინერს ჰქონდა მიღებული. 2021 წელს, სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, პრესტიჟულ დაჯილდოებაზე დემნამ კვლავ გაიმარჯვა, ამჯერად ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში.

ემილი ბლანტი, ტომ ფორდი, ანა ვინტური და დემნა, CFDA-ის 2021 წლის დაჯილდოებაზე

პოპულარობის მკვეთრი ზრდა

  • Bloomberg-ის ინფორმაციით, 2021 წელს, ბალენსიაგას შემოსავალმა რეკორდულ 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
  • Lyst-ის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე მეოთხედში, ბალენსიაგამ გუჩის გადაუსწრო და მსოფლიოში მოდის ყველაზე განხილვად ბრენდად იქცა.
  • Billboard-ის ინფორმაციით, ქანიე ვესტის კონცერტზე, დემნას შექმნილი მაისურების გაყიდვებმა, 24 საათში, რეკორდულ 7 მილიონ დოლარს მიაღწია.
  • მიუხედავად იმისა, რომ დემნა სოციალურ ქსელებს არ იყენებს, Instagram-ზე მისი გამომწერების რიცხვმა ორასი ათასს მოკლე დროში გადააჭარბა.
  • WWD-ის ინფორმაციით, 2021 წლის 15 ნოემბერს, ბალენსიაგას და გუჩის კოლაბორაციის გაყიდვაში გამოსვლის დღეს, ბალენსიაგას ისტორიაში დღიური გაყიდვების რეკორდი დამყარდა.

ღირსების მედალი საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დემნას საქართველოს ღირსების მედალი გადაეცა. დიზაინერს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. დემნა გვასალია 1981 წლის 25 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.

სალომე ზურაბიშვილი და დემნა გვასალია