2019 წელს, HBO-ზე სერიალ Euphoria-ს პრემიერა შედგა. განწყობით, რომ მოზარდებზე კიდევ ერთი სერიალი გაჩნდა, აუდიტორიამ მის მიმართ ყურადღება თავიდანვე გამოიჩინა, თუმცა, მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ის “თაობა ზეტის” რეალური ცხოვრების ყველაზე შოკისმომგვრელ მხარეზე გვიყვებოდა. ჯერ კიდევ დაანონსებისთანავე ვიცოდით, რომ Euphoria-ს მისი ჟანრის ყველა კომპონენტი ჰქონდა და ასეც აღმოჩნდა – თუმცა, ის მაინც არ არის ჩვეულებრივი თინეიჯერული დრამა.

Euphoria და თაობა Z

სიუჟეტი 17 წლის რუს ირგვლივ ვითარდება – პერსონაჟის, რომელსაც ზენდეია განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სერიალში იხილა მაყურებელმა დისნეის ყოფილი ვარსკვლავის პირველი სერიოზული როლი, რომლისთვისაც Emmy-ის ჯილდოც გადაეცა. რუ საშუალო კლასის წარმომადგენელი, ნახევრად აფროამერიკული წარმოშობის გოგოა, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის. მის გარშემო განვითარებული მოვლენები გვაცნობენ თაობას, რომელიც ბულინგის, დამოკიდებულების, ძალადობის გავლით, საკუთარი იდენტობის პოვნას და დამკვიდრებას ცდილობს.

თხრობის სტილი

Euphoria-ს თინეიჯერული დრამისაგან პირველივე წამებიდან გამოვარჩევთ. გამხსნელი ეპიზოდიდანვე ვიგებთ, რომ სერიალის ნარატორი ზენდეიას გმირია. მისი პირველი სიტყვები მაყურებელს “თაობა ზეტზე” მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის – “მე დავიბადე 9/11-დან სამი დღის შემდეგ” – ამბობს რუ. ეს შემთხვევითი არ არის, Gen Z-ის ხშირად მოიხსენიებენ თაობად, რომელსაც არ ახსოვს მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ყველაზე შოკისმომგვრელი მოვლენა – 11 სექტემბრის ტერაქტი. ეს მაყურებელს ზუსტად მიანიშნებს, რომ საუბარი ახალი, ციფრული ტექნოლოგიების და სოციალური მედიის თაობაზეა, რომლის წარმომადგენლები მილენიალებისაგან ბევრად განსხვავებული წარსულის გამოცდილებით და ცხოვრების სტილით მოდიან.

აღსანიშნავია თხრობის ფორმაც. ის ფაქტი, რომ სერიალს მთავარი გმირის სახით ნარატორი ჰყავს, არა მხოლოდ სიუჟეტზე ახდენს ჩვენს კონცენტრირებას, არამედ მის მიმართ ემოციური დამოკიდებულებაც თავისთავად გვიჩნდება.

პერსონაჟები წარსული ისტორიით

ყველა ეპიზოდში რუ უკვე ნაცნობი პერსონაჟების წარსულს გვაცნობს. ეს გვეხმარება მთავარის გაგებაში – თუ რა ტრავმებმა აქცია გმირები ისეთებად, როგორსაც სიუჟეტურ ხაზში ვხედავთ. სხვადასხვა გმირის წარსულის უკეთ გაცნობისას აღმოვაჩენთ, თუ რამდენი პრობლემის გავლა უწევთ მოზარდებს და როგორ განსაზღვრავს ის მათ მომავალს, როგორ ეწინააღმდეგებიან ამას, ან როგორ ნებდებიან. გმირების წარსული ზუსტი ანარეკლია ზოგადი ისტორიებისა – ეს არის ამბავი ამერიკაში ემიგრანტების ცხოვრებაზე, ეს არის ისტორიები კვებით აშლილობებზე, მშობლების მიერ მიყენებულ ტრავმებზე, გოგოების ობიექტივიზაციაზე, საზოგადოებაში დამკვიდრებულ მასკულინურ სტერეოტიპებზე, ფსიქიკურ აშლილობასა და თანამედროვე ამერიკაში ქვიარ თემის რეალურ ცხოვრებაზე. Euphoria არის კარგი სურათი იმისა, რომ სოციალურ მედიაში აქტიური ჩართულობის მიუხედავად, Gen Z მარტოა.

მოზარდები, ქვიარ თემი და სექსუალური იდენტობა

ამ სერიალზე საუბრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ქვიარ თემის რეალური სირთულეებია. ეს მხარე, რომელიც ბევრ სერიალსა და ფილმში ხშირად გადაჭარბებით ან დამახინჯებული კონტექსტით არის წარმოჩენილი, Euphoria-ს ამ კუთხითაც დიდ უპირატესობას ანიჭებს. ზენდეიასთან ერთად, სერიალში ვხვდებით მოდელსა და მსახიობ ჰანთერ შაფერს, რომელიც ტრანსგენდერი მოზარდის – ჯულსის როლს ასრულებს. ჯულსის პერსონაჟი მრავალმხრივ საინტერესოა, თუმცა მასზე საუბრისას, სპოილერებს ვერ ავცდებით, ამიტომ ყურადღებას მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვილებთ. ჯულსის პერსონაჟის ცხოვრება და წარსული ძალიან ჰგავს თავად ჰანთერ შაფერის თინეიჯერობას. შაფერი რეალურ ცხოვრებაშიც ტრანსგენდერია. დღეს მას წარმატებული სამოდელო და უკვე სამსახიობო კარიერა აქვს, არის არაერთი ბრენდის სახე, გვხვდება უამრავი ჟურნალის გარეკანზე, თუმცა, ამ ყველაფრისათვის მარტივად არ მიუღწევია. სწორედ ამიტომ, ჰანთერ შაფერის, როგორც რეალური ადამიანის და ჯულსის, როგორც გამოგონილი პერსონაჟის გადაკვეთამ ორმაგად საინტერესო სინთეზი შექმნა.

Euphoria და სილამაზის ინდუსტრია

Euphoria არის სერიალი, რომელმაც Gen Z-ის ხასიათი იდეალურად გამოხატა მათი ჩაცმულობით და მაკიაჟით. ეს არის სატელევიზიო შოუ, რომელმაც მთელს Beauty ინდუსტრიას გამბედავი ნაბიჯებისა და სითამამისაკენ უბიძგა. უფრო მეტიც – Euphoria-მ ამ ბაზარზე ახალი პროდუქტების გამოჩენაც კი განაპირობა. სერიალის პირველი სეზონის დასრულებასთან ერთად, შოუს ესთეტიკა ე.წ. „თაობა Z“-ის სახედ და იმიჯად იქცა. ეს არ არის მხოლოდ მკვეთრად შეღებილი ტუჩები, გლითერები და ფერადი, ნეონის თვალის ჩრდილები – Euphoria-ს მაკიაჟი ინდივიდუალიზმისა და თვითგამოხატვის ერთგვარ სიმბოლოდ პოზიციონირდა, რომელიც გარკვეული მესიჯებისა და მინიშნებების მატარებელიც არის.

მუსიკალური გაფორმება

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იდეალურად შერჩეულ მუსიკალურ გაფორმებაზე. ამის მაგალითად საკმარისია მოვიყვანოთ პირველ სეზონში გაჟღერებული Arcade Fire – “My Body Is A Cage”. ეს ტრეკი თავისი მუსიკით, ტექსტით და ხასიათით, ორგანულ ერთიანობას ქმნის სერიალის დინამიკასთან და ესთეტიკასთან.

2020 წელს, პანდემიის დაწყების გამო, ეიფორიას მეორე სეზონის გადაღებები შეფერხდა, ამიტომ 2021 წელს HBO-მ სერიალის ორი სპეციალური ეპიზოდი გამოუშვა. ეპიზოდები მთლინად დიალოგებზე იყო აწყობილი. ის სიუჟეტური განვითარების სწრაფ დინამიკას არ გვთავაზობდა, თუმცა, მთავარი გმირების უკეთ გაცნობის საშუალება ნამვილად მოგვცა. ერთ-ერთი ეპიზოდი არის დიალოგი რუსა და ალის შორის. ალი ყოფილი ნარკოდამოკიდებულია, რომელიც ზენდეიას პერსონაჟს ერთ-ერთი შეკრების დროს ხვდება. სპეციალური სერია იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბევრი მაყურებელი ელოდა. ერთი მხრივ დავინახეთ ალი, რომელმაც ნაკრკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები დაძლია, თუმცა, ამას იმდენად ბევრი დრო მოანდომა, რომ დაკარგულს ვერ ინაზღაურებს. მის მოსაუბრედ კი ვიხილეთ რუ, 17 წლის მოზარდი, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ საკუთარი თავის პატიება და მომავლის შეცვლის შესაძლებლობის დაჯერების უჭირს.

მეორე სპეციალური ეპიზოდი ჰანთერ შაფერის გმირის – ჯულსის ირგვლივ ვითარდება და პერსონაჟის ფსიქოთერაპევტთან სეანსს აღწერს. ეს ეპიზოდი ერთგვარი გადააზრებაა ტრანსგენდერი მოზარდის განვლილი გზის, რომ საკუთარი ინდენტობა და პიროვნება აღმოეჩინა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ეს სცენარი თავად ჰანთერ შაფერის დაწერილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სერიალის შემქმნელები კარგად ხვდებიან, თუ რამდენად სენსიტიურ თემებს ეხებიან და სურთ, აუდიტორიას პერსონალური ამბებით შთაგონებული რეალური ისტორია აჩვენონ.

მაყურებლის ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 2021 წლის 9 იანვარს, სერიალის მეორე სეზონის პრემიერა შედგა. სეზონი კიდევ ერთი გმირის წარსული ისტორიის თხრობით დაიწყო, რამაც ამ პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი მეტად ლოგიკური და, ამავდროულად, უფრო სინტერესო გახადა. ეს იყო სერიალის შემქმნელების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა, რომ მაყურებელი თითოეული გმირის მიმართ მეტი ეპმათიით განეწყო. Euphoria-ს მეორე სეზონის გამხსნელმა სერიამ HBO Max-ის რეკორდი მოხსნა. ის 9-ჯერ მეტმა მომხმარებელმა ნახა, ვიდრე პირველი სეზონის პირველი ეპიზოდი.