მოდის ფოტოხელოვნებაში რთულია ხელწერის შექმნა, რომელიც ავტორს ერთი შეხედვით ამოგვაცნობინებს. პიტერ ლინდბერგის შემთხვევაში ეს თავისთავად მოხდა. მისტიური და ამავდროულად ძალიან რეალისტური სამყაროს ავტორს სისხლში აქვს ზუსტად ის ფაქტორი, რასაც ჩვენ ნიჭს ვუწოდებთ.

Kate Winslet by Peter Lindbergh for Pirelli Calendar 2017

პიტერის ისტორია 1944 წელს პოლონეთის პატარა ქალაქ ლესნოში იწყება. ბავშვობა გერმანიის დასავლეთით, ნიდერლანდების საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ დუისბურგში გაატარა, არდადეგებს კი მშობლებთან ერთად ხშირად სწორედ ნიდერლანდებში, კერძოდ ნურდვიკში ატარებდა. აქ აღმოაჩინა იმპრესიონიზმი, პოსტ-იმპრესიონიზმი და ვან გოგი. ვან გოგის შემოქმედებით შთაგონებული ხშირად ჩადიოდა არლიში მას შემდეგ, რაც 60-იანების დასაწყისში ბერლინში გადავიდა და სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა.

ხშირად დადიოდა სალაშქროდ არლის მიდამოებში ვან გოგის ტილოებზე გამოსახული ლანდშაფტების საძებრად. მუდმივ ძიებაში მყოფი, ერთი წლით საფრანგეთის სამხრეთით საცხოვრებლადაც კი გადავიდა, შემდეგ იყო მოგზაურობა ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

ფოტოგრაფიით 1971 წელს დაინტერესდა, როცა გერმანელი ფოტოგრაფის, ჰანს ლუქსის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ორ წელიწადში საკუთარი სტუდია გახსნა დუსელდორფში, 1978 წელს კი, როდესაც მშობლიურ გერმანიაში მისმა ცნობადობამ და გავლენამ პიკს მიაღწია, პარიზში გადავიდა და შეუერთდა იმდროინდელ ლეგენდებს: ჰელმუტ ნიუტონს, გაი ბორდინს და ჰანც ფიურერს.

1988 წელს ლინდბერგი უკვე საერთაშორისოდ შემდგარი ფოტოგრაფი იყო, მას შემდეგ რაც დამწყები მოდელები პლიაჟზე თეთრ პერანგებში თავისუფალ სიტუაციაში და უმაკიაჟოდ გადაიღო. ამავე წელს მას შესთავაზეს ბრიტანული ვოგის ყდის გადაღება. პიტერი იხსენებს, „დამიკვეთეს ახალი სილამაზის წარმოჩენა და ვიფიქრე, რომ ამას ვერ გავაკეთებდი ერთი მოდელით. შედეგად, შევარჩიეთ ხუთი დამწყები გოგონა. იმდენად ლამაზები იყვნენ, რომ მინდოდა ეს სილამაზე ზუსტად ისე გადმომეცა, როგორც მე ვხედავდი. არანაირი გადატვირთული სამოსი, არანაირი მაკიაჟი, არანაირი ფერები. მხოლოდ მათი სახეები“. ეს ხუთი მოდელი ლინდა ევანჯელისტა, ტატიანა პატიტზი, ნაომი ქემბელი, სინდი კროუფორდი და კრისტი ტორლინგტონი გახლდათ.  როგორც იტყვიან, დანარჩენი ისტორიაა. სწორედ ეს ყდა გახდა შთაგონება ჯორჯ მაიკლისთვის გადაეღო შემდგომში უკვე სუპერმოდელები კლიპში სიმღერისთვის „Freedom 90” (ასევე “Too Funky”), სწორედ პიტერის ბრიტანული ვოგის ყდამ შთააგონა ჯანი და შეიქმნა სუპერმოდელების ერა.

British Vogue January 1990 by Peter Lindbergh

პიტერ ლინდბერგმა პირველივე დღიდან შეუქმნა ახალი გამოწვევები მოდის სამყაროს; მისი ყოველი ნამუშევარი კითხვისნიშნის ქვეშ აყენებდა სილამაზის სტანდარტებს და ანგრევდა სტერეოტიპებს. ის იყო პერფექციონისტი ამ სიტყვის ახლებური გაგებით. სწორედ პიტერმა წამოიწყო ოთხმოციანების დასაწყისში ის, რასაც დღეს მასობრივად აპროტესტებს საზოგადოება; „ყველა ფოტოგრაფის მოვალეობაა გაათავისუფლოს ქალები და საბოლოო ჯამში ყველა, ახალგაზრდობის და იდეალური ფიზიკური მონაცემების ტერორისგან.“, მისი სიტყვები მაშინ მართლაც რევოლუციურად ჟღერდა.

მინიმალისტური მიდგომით მან შეძლო გაეთავისუფლებინა ფოტო ყველანაირი ზედმეტი ატრიბუტისგან, რათა გამოეხატა ადამიანის შინაგანი სამყარო. წარმოიდგინეთ, რამდენად უცხო იყო ასე მუშაობა მოდაში, ვიზუალურ ინდუსტრიაში, სადაც, ერთი შეხედვით, სწორედ ისაა მთავარი, თუ რა გაცვია. ფოტოებს ფერებიც მოაშორა და დარჩა მხოლოდ შიშველი სული, რომელიც მის ხელოვნებაში ადამიანის თვალებითაა გადმოცემული. ჰელენ მირენი იხნსენებს: „როცა გადასაღებ მოედანზე მივედი, (პიტერმა) მითხრა კამერის წინ შიშველი უნდა იყო, მზად ხარ? მე ირონიული ტონით ვუპასუხე, აუცილებელია რომ შიშველი ვიყო? მან მითხრა, შენს სახეს ვგულისხმობ. შიშველი სახეზე იქნები, არანაირი მაკიაჟი {იცინის}. „

Lupita Nyongo by Peter Lindbergh for Pirelli Calendar 2017

პიტერი არის იდეალისტი, რომელიც ეტრფის ადამიანურ ნაკლებს. შეუძლებელია მისი ნამუშევრების მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს, რადგან ისინი ძალიან ახლოს არიან ნებისმიერ ჩვენგანთან. მან დაგვანახა არც ისე გლამურული და იდეალური მხარე მოდელების და მსახიობების, რომლების დანახვასაც შეჩვეულები ვართ ჟურნალების ყდებსა და წითელ ხალიჩებზე, სადაც ათობით ადამიანი ზრუნავს მათ გარეგნობაზე და შემდეგ ათობით ინსტრუმენტით „ფილტრავენ“ მათ ფოტოებს. პიტერი ფოტოშოპის  საწინააღმდეგოდ ამბობს, რომ არ არის საჭირო ისედაც გამყარებულ მოსაზრებას, რომ არსებობს ერთი შეხედულება იდეალურ კანსა და იდეალურ სახეზე, კიდევ უფრო მეტი გასაქანი მივცეთ.

გერმანელმა ფოტოშოპის უმნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როცა პირელის კალენდარი 2017 წელს მესამედ გადაიღო და შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც კალენდარზე მესამედ იმუშავა. „ჩემი ფოტოები ინტიმურია და არა ეროტიული“, ამბობს გენიალური ლინდბერგი. მართლაც, 15 ქალი, რომელიც მან პირელისთვის გადაიღო, ინტიმურ აურას ქმნიან. მათი შემყურე ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს მათ მომაჯადოვებელ სიმყუდროვეზე, სენსუალურობაზე, რეალურობაზე და გულწრფელობაზე და არა იმაზე, თუ რამდენად სექსუალურები არიან.

ჩემთვის შეუძლებელია მეორე პიტერისნაირი არტისტის დასახელება. დიახ, პიტერი არის არტისტი, ფოტოგრაფზე ბევრად უფრო მეტი. ადამიანი, რომელმაც თამასა თითქმის შეუძლებელ სიმაღლეზე აწია და შექმნა ახალი სტანდარტი, რომელთან გატოლებაზეც შემდგომმა თაობებმა წლების განმავლობაში უნდა იბრძოლონ.