“თავდაპირველად, Versace-ს ჩაცმას ვგეგმავდი, კოსტიუმი უკვე გარდერობში მქონდა, მაგრამ ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ ჯონ გალიანოს Dior მოვირგე. როდესაც კაბა მომიტანეს და თვალი შევავლე, გავიფიქრე, რომ ის სასაცილოდ გამოიყურება, გიჟურია, მაგრამ მე შევძლებ მოვიხდინო,“- იხსენებს კორტნი ლავი, გრანჟის დედოფალი, რომელიც არასდროს მიეკუთვნებოდა მოდის საყვარელი ვარსკვლავების სიას, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ვთანხმდებით, რომ მის გარეშე, 1990-იანი წლები რთული და მოსაწყენი წარმოსადგენია.

გარდა იმისა, რომ გალიანოს Dior-ის კაბა, რომელიც კორტნიმ „ოქროს გლობუსის“ 2000 წლის დაჯილდოებაზე მოირგო, წითელი ხალიჩისთვის მართლაც გამოკვეთილად თამამი და უჩვეულოდ ირონიული არჩევანი იყო, კოლექციას წინ დიდი საპროტესტო ტალღაც უსწრებდა. 

ძვირადღირებული და ექსკლუზიური ოტ კუტიური პარიზელი უსახლკაროების ცხოვრების სტილით და ჩაცმულობით იყო შთაგონებული.

„შემოქმედებითი თავხედობა“ და „უგემოვნო ეგოცენტრულობა“ ამ სიტყვებით შეაფასეს გავლენიანმა გამოცემებმა გალიანოს ნამუშევარი. ერთ სტატიას მეორე მოსდევდა და ძალიან მალე, საზოგადოებაში პროტესტმა მძვინვარე სახე მიიღო. ადამიანების უბედური ყოფის მოდის თეატრალურ შოუდ ქცევას პარიზში, Dior-ის შენობის წინ, არეულობა და დაპირისპირებაც მოჰყვა.

ხმაურიანი კვირების შემდეგ, კორტნი ლავი პირველი ცნობილი ქალი აღმოჩნდა, ვისაც ეყო გამბედაობა, რომ დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე, Dior-ის მოდის სახლის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კოლექცია წარედგინა. “მიუხედავად ყველაფრისა, თავს კომფორტულად ვგრძნობდი,“ -ამბობს მომღერალი. თუ გავითვალისწინეთ, რომ კორტნი ლავის პერსონის მთავარ ხიბლს, თითქმის ყოველთვის, მისი მეამბოხე ხასიათი წარმოადგენდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მართლაც ერთადერთი იყო, ვისაც გალიანოს „შემოქმედებითი თავხედობის“ წითელი ხალიჩის გლამურულ ნაწილად ქცევა შეეძლო.