კაია გერბერის კარიერაში დიდი სიახლეა. 19 წლის ტოპ მოდელი პოპულარული სერიალის, American Horror Story-ის მეათე სეზონის ქასტს შეუერთდება. ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ, სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა, რაიან მერფიმ ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა. რაიანის პოსტს კაიაც გამოეხმაურა. „თუ სიზმარში ვარ, გთხოვთ არ გამაღვიძოთ“, წერს გერბერი.

კაია გერბერი ლეგენდარული სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის და ბიზნესმენ რენდი გერბერის ქალიშვილია. ჯერ კიდევ მისი ადრეული თინეიჯერობის წლებიდან, ცხადი იყო, რომ კაია დედის ნაბიჯებს გაჰყვებოდა. 14 წლის ასაკში, გერბერი უკვე უწევდა რეკლამას ვერსაჩეს საბავშვო ხაზს. კაია დაბეჭდილია ჟურნალ ვოგის 15-ზე მეტ გარეკანზე, მათ შორის პრესტიჟულ გამოცემებზე, როგორებიცაა: ამერიკული, ბრიტანული, იტალიური და ფრანგული. ამასთან, კაია აქტიურად მუშაობს, როგორც პოდიუმის მოდელი.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც ცნობილი მოდელის შვილი დედის კარიერულ გზას ირჩევს, უდავოა, რომ სუპერმოდელი მშობლების შვილებში, ყველაზე წარმატებული კარიერა სწორედ კაიამ შეიქმნა.

“ამერიკული საშინელებათა ისტორია“ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუა, რომელიც რაიან მერფიმ და ბრედ ფელჩაკიმ შექმნეს. სერიალის ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული სეზონი წარმოადგენს მინისერიალებს სხვადასხვა ისტორიებითა და პერსონაჟებით, თითოეული სეზონის სცენარს გააჩნია საკუთარი დასაწყისი და დასასრული. აღსანიშნავია, რომ სერიალის მეათე სეზონში, კაია შეუერთდება ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: Sarah Paulson, Kathy Bates, Evan Peters, Billie Lourd და ა.შ. ახალი წამოწყება კაიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო განვითარდეს და წარმოაჩინოს საკუთარი უნარები განსხვავებული კუთხით.