17 ოქტომბერს, თბილისში პირველად გაიმართება Tbilisi Hip-Hop Festival – ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც ურბანული კულტურის თითქმის ყველა ფორმას ერთ სივრცეში გააერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპი საქართველოში მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, აქამდე არ გამართულა ფესტივალი, რომელიც მის სხვადასხვა ელემენტს ერთიან კონცეფციად წარმოაჩენდა. გამომდინარე აქედან, სიახლე პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალის შესახებ, არა მხოლოდ ჟანრის მსმენელისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ფესტივალი თბილისში, “Factory Tbilisi”-ის ტერიტორიაზე გაიმართება.
„ჰიპ-ჰოპი საქართველოში ოცდაათ წელზემეტია არსებობს, მაგრამ მას ჯერ არ ჰქონია დღე, რომელიც ამ კულტურის ყველა ელემენტს – მუსიკას, ცეკვას, გრაფიტსა და ცოდნას – ერთ სივრცეში გააერთიანებდა. სწორედ ამას უნდა ელოდოს მსმენელი 17 ოქტომბერს.“ – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალის ჰედლაინერი ბრუკლინის ლეგენდა Talib Kweli გახლავთ – მუსიკოსი, რომელმაც სახელი სოციალურად დატვირთული, უკომპრომისო და გააზრებული ჰიპ-ჰოპით დაიმკვიდრა. იგი დღემდე ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ცოცხალ შემსრულებლად რჩება. მეორე ჰედლაინერი, FLOHIO სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის მუსიკა გრაიმის, რეპისა და ელექტრონული ჟღერადობის საზღვრებს შლის. საერთაშორისო ჰედლაინერებთან ერთად, Tbilisi Hip-Hop Festival-ზე წარდგებიან ქართველი მუსიკოსებიც- TAHA, KAY-G და Mush One – თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის სამი განსხვავებული არტისტი.

მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, ფესტივალი დამსწრეებს მრავალფეროვან კულტურულ პროგრამასაც შესთავაზებს. Sioni Hi-Fi Soundsystem – პირველი ქართული საუნდ სისტემა ჰიპ-ჰოპის იამაიკურ ფესვებს გააცოცხლებს, Red Bull Dance Your Style კი, ქუჩის ცეკვის იმპროვიზაციულ შოუს წარმოადგენს. Graffiti Battle-ის ფარგლებში, არტისტები მასშტაბურ ნამუშევრებს უშუალოდ დამსწრეების თვალწინ, რეალურ დროში შექმნიან.


ფესტივალის კულტურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება გამოფენაც – “50 Iconic Moments of Hip-Hop History”, რომელიც ჟანრის ისტორიას საკულტო კადრებისა და მნიშვნელოვანი მომენტების საშუალებით გააცოცხლებს. პარალელურად, ფილმების ჩვენების სივრცე ქართული და უცხოური დოკუმენტური და მხატვრული ნამუშევრების პროგრამას დაეთმობა.

ფესტივალის პროგრამის შესახებ უფრო მეტი იხილეთ ლინკზე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს.




