კიკო კოსტადინოვის ქალის ხაზის მეორე კოლექცია დაახლოებით ორი საუკუნის წინ ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრები ქალი ბანდიტების და ანჟეი ჟალავსკის 1988 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული ფილმის შთაგონებით შეიქმნა. ლორა და დინა ფენინგებმა წარსული დრო წარმოსახვით მომავლის გოთიკურ სინამდვილეს შეუსაბამეს, შედეგი კი კომპლექსური, ექსპერიმენტული და უჩვეულო გამოდგა.

„მექსიკელი ქალების ფოტოებმა შეგვიპყრო 1900-იანი წლებიდან, რადგან ისინი თავიანთი დროის მეამბოხეები იყვნენ, ძალიან ძლიერები.“

ტყუპ დებზე შთაბეჭდილება მოახდინა თუ როგორ ინარჩუნებდნენ შეუპოვარი მექსიკელი ქალები თავიანთ ქალურობას დროის პრაქტიკული საჭიროებების და ნორმადიული სტილის შეთავსებით.

„მგრძნობელობა გავაერთიანეთ უფრო გოთიკურ ელემენტებთან, რომლებიც ანჟეი ჟულავსკის ფილმში, „ვერცხლის გლობუსზე,“ აღმოვაჩინეთ, რადგან კარგოს კულტში ტომის შეგრძნებამ გაგვიტაცა.“

ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ავსტრალიელმა დებმა Central Saint Martins-ის სასწავლებელი დაამთავრეს, თუმცა უკვე შეძლეს ჩამოეყალიბებინათ თავიანთი იდენტობა და მოდის დიზაინში ახალი სიტყვა ეთქვათ.

თუ დიზაინერების ახალ ტალღაზე დავიწყებთ საუბარს, ლონდონიდან პირველ რიგში მათი ბოვანი უნდა აღინიშნოს. მათიმაც მოდის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი დაამთავრა. ჯერ მხოლოდ სამი სოლო ჩვენება გამართა და მასზე უკვე როგორც ახალ ვივიენ ვესტვუდზე, ისე დაუბრობენ. (სხვათაშორის, ვივიენი მათის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და მას ახალგაზრდა დიზაინერის ჩვენებების წინა რიგშიც შევხვდებით). პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საერთო ფესვები აქვთ. თუ მათ ნამუშევრებს გადავხედავთ არაპირდაპირ მსგავსებას მართლაც ვნახავთ. ორივე ბრიტანელი დიზაინერის მოდა მეამბოხის სულისკვეთებით იქმნება. მათიც ვივიენის მსგავსად პანკი დიზაინერების ლიგას უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა პანკის, რომელიც მიმდინარე დროს ერგება. სწორედ ბოვანის მსგავსი დიზაინერები აქცევენ ლონდონს მოდისთვის მნიშვნელოვან ქალაქად და უკვე დიდი ხანია ეს ქალაქი მის მსგავს დიზაინერს ელოდა.

მათი ბოვანის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ერთი შეხედვით არეულობა და ქაოსია.

„ჩემთვის ეს ინგლისისადმი მიძღვნილი ოდაა.“ – მათი ბოვანი

მაგრამ ყველაფერს, რაც ამ ქაოსს იწვევს თავისი მნიშვნელობა აქვს, რომელიც შეიძლება ცოტა დამაბნეველიც იყოს. გასულ წელს მათის ბებია გარდაეცვალა, რის შემდეგაც დიზაინერი სამუშაოდ მის სახლში გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მიიღო „სულელურად დაწერილი“ წერილი, რომელშიც მას ავეჯის შეძენას სთავაზობდნენ. წერილს ასეთი სათაური ჰქონდა: „გაურკვეველ დროს ეს დასტურია!“ ის იმდენად „ამაზრზენად, გაუმართლებლად და სასაცილოდ“ ჩათვალა, რომ გადაწყვიტა ეს კოლექციაშიც გამოეხატა. მაგრამ კოლექციაში ჩვენ ამ წერილს ვერ წავაწყდებით, მასთან კავშირი ჯადოქრით ინსპირირებულ ლუქებში უნდა ვნახოთ. არის რამე დამაბნეველი?! წერილის მიღების შემდეგ მათის გონება კონცენტრირდა იმაზე თუ რა გაუგებარი და უაზრო გზებით ცდილობენ ფირმები მოგყიდონ თავიანთი ნაწარმი და დაიწყო ფიქრი ლანკაშირში გამართულ სასამართლო პროცესებზე, რომლებზეც ადამიანებს ჯადოქრობაში დებდნენ ბრალს. შემდეგ წარსული ფაქტები მეტაფორად გამოიყენა რეალობაზე სასაუბროდ.

„ეს არ ყოფილა პირდაპირი კავშირი, არ მინდოდა მოსასხამებსა და ქუდებში გამოწყობილი ჯადოქრების წარმოდგენა. მაგრამ ეს გამტყუვნებაა. ისტორიაში იმდენი ასეთი შემთხვევა იყო. მაშინ ეს ხდებოდა და ამას ვერასდროს ვერავინ იგებს. ეს კოლექციის პირდაპირ ნარატივს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის რაღაც, რამაც ჩემი გონება მოიცვა. იმ ხალხს არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, რაც ამ მომენტშიც ხშირად ხდება.“ – მათი ბოვანი

ჩვენებაზე ვაწყდებით მათის და მისი ასისტენტი გრეგის სახეების გამოსახულებიან კაბას, ემბლემებს, კოსმოსურ ხომალდებს, ცხოველების გამოსახულებებს და გაურკვეველ პრინტებსაც. „მერწმუნეთ, მასში ბევრი დაფარული რამეა. იეროგლიფები, სიტვები, რომაული ციფრები.“ ის მოიცავს ხელახლა გამოყენებულ მასალასაც. სტეფან ჯონსის შექმნილი ქუდები და ქოაჩის აქსესუარები კი ქაოსურ კოლექციას საბოლოოდ სრულყოფს.

მაიკლ ჰალპერნის (ასევე CSM-ის კურსდამთავრებული 2016 წელს) შემოქმედება არის ყველაფერი, რაც ბრწყინავს და საზეიმო განწყობას უკავშირდება.

ამ სეზონზე ჰალპერნზე გავლენა მოახდინა მისი მშობლების Erté-ს ილუსტრაციებით შედგენილმა წიგნმა, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ათვალიერებდა. ახალ კოლექციაში წარმოდგენილი ოციანი წლებით შთაგონებული სილუეტები და პრინტები ილუსტრატორის შემოქმედებას ეფუძნებოდა, რომელშიც წარმოჩენილია სამყარო, სადაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელი სრულიად შესაძლებელია.

2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში განსაკუთრებით თვალშისაცემია კრისტალური ჩოკერები, მოცულობითი ატლასის მოსასხამები, განწყობის ასამაღლებელი ფერები და პრინტები და, რა თქმა უნდა, უხვად გამოყენებული სექუინები – სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით ჰალპერნი არ ეხება პრობლემურ საკითხებს და მისი ჩვენების ყურებისას შეიძლება გაგვიჩნდეს განცდა, რომ ცხოვრება ერთი დიდი წვეულებაა.