მაყურებელი მაურიციო გუჩის შესახებ ხმაურიანად დაანონსებული ფილმის, House Of Gucci-ის მოლოდინშია. ბიოგრაფიული კრიმინალური დრამის პოპულარობას შემოქმედებითი გუნდიც განაპირობებს – ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტია, ხოლო მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ. სიუჟეტი ვითარდება გუჩიო გუჩის შვილიშვილის, Gucci-ის მოდის სახლის ხელმძღვანელის, ბიზნესმენ მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ, რომელშიც სასამართლომ დამნაშავედ მისივე ქვრივი ცნო.

მიუხედავად ფილმის გადაღებების პროცესის ეტაპზევე მისი პოპულარობისა, როგორც გაირკვა, გუჩის ოჯახის შთამომავლები რიდლი სკოტის სარეჟოსორო ნამუშევარით სულაც არ არიან მოხიბლული. ბრენდის დამაარსებლის, გუჩიო გუჩის შვილთაშვილმა მედიასთან საუბრისას, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ამ ფილმის იდეური გადაწყვეტით.

ჩვენ ნამდვილად იმედი გაგვიცრუა ამ კინოპროექტმა. ამას მთელი ოჯახის სახელით ვამბობ. ისინი ოჯახის იდენტობას იპარავენ, რათა ჰოლივუდურ სისტემაში კომერციულ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ პირადი სივრცე გაგვაჩნია, ღიად საუბარი შეგვიძლია, თუმცა, არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს” – განაცხადა ოჯახის შთამომავალმა პატრიცია გუჩიმ.

გარდა ოჯახის ისტორიის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული კრიტიკისა, უკმაყოფილება გამოითქვა გუჩიო გუჩის უფროსი შვილის და მაურიციო გუჩის მამის, ალდო გუჩის როლზე ალ პაჩინოს დამტკიცებასთან დაკავშირებითაც . პრეტენზიები გარეგნულ მახასიათებლებს ეხება, რომელიც ოჯახის წარმომადგენლების აზრით, სრულ შეუსაბამობაშია რეალური პიროვნების ვიზუალთან.

ალდო გუჩი ძალიან მომხიბლავი კაცი იყო, ისევე, როგორც გუჩის ოჯახის ყველა წარმომადგენელი. ის იყო მაღალი, ცისფერი თვალებით და განსაკუთრებული ელეგანტურობით. მას ფილმში ალ პაჩინო განასახიერებს, რომელიც სულაც არ არის შესაბამისად მაღალი. გადაღებების ამსახველ ფოტოში მისი აღნაგობა არ არის მიმზიდველი, რაც ნამდვილად უსამართლობაა, ალდო გუჩი არ იმსახურებს ასე იყოს განსახიერებული – აღნიშნავს პატრიცია გუჩი The Associated Press-თან საუბრისას.

ალ პაჩინო არ აღმოჩნდა ერთადერთი მსახიობი, რომელმაც ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია გარეგნული მახასიათებლების გამო. პატრიცია გუჩი კომენტარით გამოეხმაურა მამამისის, პაოლო გუჩის როლის შემსრულებლის, ჯარედ ლეტოს იმიჯსაც. მისი განმარტებით, გადასაღებ მოედანზე დაფიქსირებული მსახიობი საკმაოდ მოუწესრიგებლად გამოიყურებოდა, ამ იმიჯით პაოლო გუჩის განსახიერებას პატრიციამ შეურაცხყოფა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებებისას, რიდლი სკოტი ოფიციალურად თანამშრომლობს Gucci-ის მოდის სახლთან. ამ პროცესში, გუჩის საგვარეულო ჩართული არ არის, რადგან 1993 წლიდან, ისინი აღარ ფლობენ ბრენდს და მმართველობის სადავეებსაც ჩამოშორდნენ. ფილმის რეჟისორს ოჯახის პოზიციაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ფილმი სახელწოდებით House Of Gucci მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2021 წლის 24 ნოემბერს გამოვა.