შებინდებისას მდინარე ტიბრში, კვამლის ფონზე, ცისფრად შეღებილ ნავში მყოფი ემბერ ვალეტას ფოტოს ყურებისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ წინაშე ფილმიდან ამოღებული კადრია. კინემატოგრაფიული ელემენტების დამსახურებით, მოცემული ატმოსფერო გვაჰიპნოზებს, ჩვენკენ მომართული მოდელის გამჭოლი მზერა ახალ განცდებს აღვიძებს და დაინტრიგებულები უცნობი ისტორიის ნაწილი ვხდებით.

ფოტო Prada-ს 1997 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიიდანაა. საკულტო გამოსახულება 25 წლის შემდეგაც იწვევს მრავალი ადამიანის აღფრთოვანებას.

Prada შემოდგომა/ზამთარი 1997

როგორც ფოტოგრაფი გლენ ლუჩფორდი The Guardian-თან იხსენებს, მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა იმისთვის, რათა ჩანაფიქრი განეხორციელებინა, რადგან შედეგი ბუნებრივ განათებაზე იყო დამოკიდებული. სამი თვის განმავლობაში შემუშავებული გეგმის თანახმად, გადაღება დღის იმ მონაკვეთში უნდა დაწყებულიყო, როცა ფოტოზე შებინდება გამოჩნდებოდა. გლენმა იცოდა, რომ იმ ფერების ასახვისთვის, რომლებიც მას სურდა, კადრი მზის ჩასვლის შემდეგ, დაღამებამდე დარჩენილი რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა გადაეღო. იტალიის სიგრძით მესამე მდინარე გადაკეტილი იყო. ათამდე ადამიანი წყალში იმყოფებოდა, რომ ნავთიანი თივის ზვინებისთვის ცეცხლი წაეკიდათ და ჩამოწოლილი ნისლის ეფექტი მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაღების დაწყებამდე ყველაფერი უკვე მზად იყო, ბოლო მომენტში ადგილზე ქაოტური სიტუაცია შეიქმნა, ერთ-ერთი მიზეზი სტილისტის გადაწყვეტილება იყო, რომ შერჩეული კაბა მკაფიო წითლით შეეცვალათ, რამაც, ცხადია, არ გაამართლა. გლენმა პირველ დღეს სასურველი კადრის გადაღება ვერ მოახერხა.

„მეორე დღეს დავბრუნდით. მდინარე ისევ გადავკეტეთ და ყველანაირად ვეცადეთ, რა შეცდომებიც პირველ ჯერზე დავუშვით გამოგვესწორებინა. როდესაც ფირი გამჟღავნდა, გამოსახულება ზუსტად ისეთი იყო, როგორის მიღებაც მსურდა,“ – აღნიშნა ფოტოგრაფმა.

ემბერ ვალეტა კი ნიკ ნაითთან საუბრისას ამბობს: „მახსოვს, ვფიქრობდი, რომ შედეგი cool იქნებოდა, მაგრამ არ მეგონა, ეს კონკრეტული კამპანია მის [გლენის] კარიერას თუ შეცვლიდა. ის მოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, პრადასთვისაც. მართლა მადლიერი ვარ მასში მონაწილეობით.“

Prada გაზაფხული/ზაფხული 1998

გლენი 1968 წელს ინგლისში, ბრაიტონში დაიბადა. ფოტოგრაფიაში მისი პირველი კარიერული ნაბიჯი The Face-ს უკავშირდება, როდესაც ჟურნალისთვის როკ ჯგუფ The Stone Roses-ის წევრები გადაიღო 1989 წელს. თუმცა მის კარიერაში ნამდვილი გარდატეხა მას შემდეგ მოხდა, რაც Prada-სთან დაიწყო თანამშრომლობა.

1996-იდან 1998 წლების ჩათვლით, სანამ მოდაში ციფრული ტექნოლოგია ფეხს მოიკიდებდა,  ბრიტანელმა ფოტოგრაფმა იტალიური მოდის სახლისთვის არაერთი კამპანია და კატალოგი გადაიღო. ამ პერიოდში გლენი Prada-სთვის ექსკლუზიურად მუშაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტი საშუალებას არ აძლევდა სხვა ბრენდთანაც ეთანამშრომლა. ემბერის გარდა, მის ობიექტივში ასევე მოექცნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან – ხოაკინ ფენიქსი და უილემ დეფო. ორი წლის წინ IDEA-ს მიერ წიგნის სახით ფოტოების კრებულიც გამოიცა, რამაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ეს კოლაბორაცია მოდის ფოტოგრაფიაში.

Prada შემოდგომა/ზამთარი 1997

1990-იანი წლების მეორე ნახევარში, გლენმა ოსტატურად ასახა კინემატოგრაფიული, მიმზიდველი, იდუმალი და დრამატული ატმოსფერო ფოტოებზე, რომლებშიც ემბერ ვალეტა სხვადასხვა სიტუაციებში გვევლინება – წყლის ზედაპირზე თუ თოვლით დაფარულ არეში.

“ამ ფოტოებს აქვს რაღაც, რაც ხალხს ანდომებს ისინი ისევ ნახონ და გააგრძელონ მათი ყურება – განათების მეშვეობით მათში არის მაცდუნებელი ასპექტი, ატმოსფეროს შეგრძნება. ყველა ელემენტის თავმოყრით მომგებიანი კომბინაცია შედგა: სწორი ტანსაცმელი, სწორი მოდელი, სწორი კონცეფცია.

გლენ ლუჩფორდი

კადრები გვაფიქრებინებს, რომ მათ საფუძვლად გარკვეული ამბავი, ნარატივი უდევთ, თუმცა ფოტოგრაფის მტკიცებით ეს ასე არ არის. ერთ რამეს კი დანამდვილებით უსვამს ხაზს, რომ მის ხედვაზე გავლენა ფილმებმა მოახდინა. სტენლი კუბრიკის, ანდრეი ტარკოვსკის, ტერენს მალიკის თუ ემირ კუსტურიცას შემოქმედება მის ინსპირაციას წარმოადგენდა მაშინ, როდესაც კარიერის განმსაზღვრელ ფოტოებს იღებდა.

Prada გაზაფხული/ზაფხული 1997

დიდი ბიუჯეტი და შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც მიუჩია პრადასგან ჰქონდა, გლენს საშუალებას აძლევდა თავისი ჩანაფიქრები შეუფერხებლად განეხორციელებინა, რაზეც ის „PRADA 96-98 by GLEN LUCHFORD“-ში მოცემულ ინტერვიუშიც ამახვილებს ყურადღებას:

„მახსოვს, ბევრმა, ვისთან ერთადაც დავიწყე ამ სფეროში მუშაობა, ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება, ისინი ბევრ მნიშვნელოვან კამპანიას იღებდნენ, ჩემ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. ამიტომ, როცა პრადას სახით ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, ძალიან მადლიერი ვიყავი – უნიკალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, სადაც მიუჩია პრადას სახით გასაოცარი ქომაგი მყავდა. როცა მასთან შესახვედრად მივდიოდი, მეგონა, ვეტყოდი, რომ მართლა მინდოდა ამის გაკეთება, მოვუყვებოდი ყველა ამ ფილმზე და მეტყოდა, რომ გიჟი ვიყავი, სტუდიაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ასე არ მოქცეულა. კიდევ უფრო მეტის გაკეთებისკენ მიბიძგა. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მიუჩიასთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოდა – თუმცა მას ეს არასდროს უთქვამს, მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ფანტასტიკური საუბრები გვქონდა. და რაც უფრო შორს წახვიდოდი, მისი მღელვარებაც მატულობდა.“

Prada გაზაფხული/ზაფხული 1998

Prada-სთვის გლენ ლუჩფორდის გადაღებული ფოტოები არ ჰგავდა სხვა ტიპურ მოდის კამპანიებს, ის ამ მიმართულებით ნათქვამი ახალი სიტყვა იყო, რასაც დიდი და დადებითი რეზონანსი მოჰყვა.