ორ წლიანი პაუზის შემდეგ გარეთ ფიუ მოდაში ბრუნდება. ბრიტანელი დიზაინერი თავის ახალ კოლექციას სექტემბერში წარადგენს. როგორც მან WWD-სთან განაცხადა, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლის კულტურულ საუბარში ჩართვას და მომავლის განსაზღვრაში თავისი წვლილის შეტანას.

გარეთმა რიკ ოუენსისგან გამოისყიდა საკუთარი კომპანიის 49%-იანი წილი, რომელიც მას 2006 წელს მიყიდა. ოუენსი და თავისი მეუღლე მიშელ ლამი თავიდანვე იყვნენ ფიუს ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მის მხარდაჭერას ისევ აგრძელებენ.

Gareth Pugh გაზაფხული/ზაფხული 2014

„ყველა დიზაინერი უნდა ფლობდეს თავის საკუთარ სახელს და მე მოხარული ვარ, რომ მას ყველანაირად დავეხმარეთ, როდესაც ეს სჭირდებოდა,“ – ამბობს რიკ ოუენსი. „გარეთი და მისი ქმარი ქარსონ მაქქოლი ჩვენი ოჯახის წევრები არიან და ყოველთვის იქნებიან.“

ჩვენების ჩატარების ფორმატი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განსაზღვრული, თუმცა ფიუს თქმით, კოლექციას განსხვავებული ფორმით წარადგენს.

Gareth Pugh შემოდგომა/ზამთარი 2016

გარეთმა მოდის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი Central Saint Martins 2003 წელს დაამთავრა, 2006 წელს კი ლონდონში თავისი პირველი სოლო კოლექციის ჩვენება გამართა. მომდევნო სეზონზე ბრიტანული ვოგი უკვე წერდა, რომ მისი გენიალურობა უდავო იყო. მან მალევე მოიპოვა ინდუსტრიის აღიარება და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დიზაინერის სტატუსიც. ის იმ თვისებების მატარებელია, რომელთა გამოც ბრიტანელი დიზაინერები ასეთი დაფასებულები არიან: მეამბოხე, შეუპოვარი, რისკიანი, ექსცენტრიული, უსაზღვროდ შემოქმედებითი.

Gareth Pugh გაზაფხული/ზაფხული 2010

ის მოდაში აუთსაიდერია. ფიუსთვის კომფორტის ზონას არ წარმოადგენს პრესტიჟული და გლამურული საღამოები. მისთვის მოდის არც ბიზნეს მხარეა პრიორიტეტული. მთავარია თავისმა შემოქმედებითმა თვითგამოხატვამ თავი ბედნიერად აგრძნობინოს მიუხედავად იმისა, რომ იცის, რასაც აკეთებს ყველას არ მოეწონება. მნიშვნელოვანია თვითონ ამაყობდეს იმით რასაც აკეთებს, უბრალოდ ლამაზ კაბებს არ ქმნიდეს და გარკვეულ იდეაზე საუბრობდეს. 

არასდროს მდომებია ბიზნესის ნაწილად ყოფნა. უბრალოდ ვცდილობ გავაკეთო ისეთი შოუ, წასვლა და ნახვა რომ მენდომებოდა. მოდაში ის იდეა მიყვარს, რასაც ის წარმოადგენს – ის შესაძლებლობას იძლევა იყო პიროვნება, რომელიც ყოველთვის გინდოდა რომ ყოფილიყავი ან პიროვნება, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილხარ — კონკიას იდეა! ერთი სრულყოფილი მომენტისთვის შეგიძლია მიატოვო ყოველდღიურობა და იყო ის სხვა. ეს არის წარმოდგენა, რომელსაც ყოველთვის ვცდი და მემახსოვრება, რადგან, ხომ ხვდებით, დღეს შეიძლება ძალიან მარტივად გამოეთიშო მოდის მთელ ამ იდეას.“

Gareth Pugh შემოდგომა/ზამთრი 2013

„მოდა ფანტაზიას უნდა გამოხატავდეს და ხალხს ოცნებისკენ უბიძგებდეს.“

გარეთ ფიუ