გასული წლების განმავლობაში Calvin Klein-ში არაერთი დრამატული ცვლილება განხორციელდა. 2016 წელს ბრენდში რაფ სიმონსის შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნა ამერიკული ოცნების ახდენას მიანიშნებდა, ნაცვლად ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკულ კოშმარად გადაიქცა. რაფ სიმონსის და კელვინ კლაინის თანამშრომლობა კონტრაქტის ამოწურვამდე დასრულდა. გავრცელებული მიზეზის თანახმად, დიზაინერი და კომპანია ვერ შეთანხმდნენ, რადგან ბრენდის ხელმძღვანელებს კომპანიის ახალი მიმართულებით განვითარება სურდათ, რომელიც სიმონსის შემოქმედებითი ხედვისგან განსხვავდებოდა. მალევე კელვინ კლაინის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდის სახლი Ready To Wear ბიზნესს ხურავდა და 205W39NYC „ახალი სახელით, დიზაინ მიდგომით და შემოქმედებითი მიმართულებით“ დაიწყებდა ფუნქციონირებას.

დროთა განმავლობაში უკეთ გამოიკვეთა CK-ს ახალი მიმართულება, რასაც მასთან დაკავშირებული მორიგი სიახლეც ცხადყოფს – ჰერონ პრესტონი Calvin Klein-თან თანამშრომლობს. როგორც ამერიკელმა არტისტმა და დიზაინერმა ინსტაგრამის საშუალებით თავის გამომწერებს აუწყა, უკვე ერთი წელია, რაც კელვინ კლაინისთვის საიდუმლოდ მუშაობს.

“გაგვიჩნდა იდეა,რომ გვემუშავა განსხვავებულ შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებიც Calvin Klein-ის ამბის მოყოლაში დაგვეხმარებოდნენ, ბრენდს თავიანთი პერსპექტივით წარმოაჩენდნენ და მას საკუთარ გამოცდილებას მოახმარდნენ. ამ პროექტს როგორც პირველ ნაბიჯს, ისე ვუყურებ. ეს ბრენდის ხელახალი გამოღვიძებაა, რითაც უფრო მჭიდრო კავშირს ვამყარებთ კულტურასა და კრეატიულობასთან. ეს პარტნიორობების ჩამოყალიბების დასაწყისია იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ ჩვენი ისტორიის ისე გადმოცემაში, როგორც, შესაძლოა დამოუკიდებლად ვერ მოგვეხერხებინა.”

ჯეიკობ ჯორდანი (global chief merchant), WWD

მოდაში ქუჩის სტილის ევოლუციის მნიშვნელოვანმა თანამონაწილე პრესტონმა, ამერიკულ ბრენდთან 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის გენდერ-ნეიტრალური კოლექციის შესაქმნელად კრეატიული კონსულტანტის ამპლუაში ითანამშრომლა. “Heron Preston for Calvin Klein” იმ საბაზისო მოდელებს მოიცავს, რომლებიც ყველას გარდერობში იკავებს ადგილს – დენიმს, მაისურებს და საცვლებს. კოლექცია გაყიდვაში 23 აპრილიდან გამოვა ამერიკაში და ასევე აზიისა და ევროპის შერჩეულ ბაზრებზე. ფასები $36-დან $298-მდე იმერყევებს.