2020 წელს, ცნობილი გახდა, რომ მალე მაყურებელი ჰარი სტაილსს ახალ რომანტიკულ დრამაში იხილავს, რომელიც LGBTQ+ თემის შესახებ იქნება. ახლა კი, ფილმის შემქმნელებმა გაავრცელეს ოფიციალური ინფორმაცია, რომ სტაილსს პარტნიორობას გაუწევს სერიალ The Crown – ში პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი – ემა კორინი. კინოსურათი სახელწოდებით My Policeman ბრიტანელი ავტორის, ბეთან რობერტსის 2012 წლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა და ის ექსკლუზიურად Amazon Prime Video-ს კინოპროდუქციაა. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, თავდაპირველად როლზე ლილი ჯეიმსი განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ როლი ოქროს გლობუსის ნომინანტმა კორინმა მიიღო. სიუჟეტი ემას გმირის, სკოლის ახალგაზრდა მასწავლებლის და მისი მეგობარი ბიჭის, პოლიციელი ტომის (ჰარი სტაილსი) ირგვლივ ვითარდება. მოულოდნელად, ისტორიაში ჩნდება ახალი გმირი – პატრიკი, რომელთანაც ტომი რომანტიკულ ურთიერთობას იწყებს. ეს არის ისტორია, რომელიც ქვიარ სიყვარულის ამბავს აღწერს იმ დროში, როცა ეს ტაბუდადებული იყო.
ამჟამად, ჰარი სტაილსს კიდევ ერთ ფილმში იღებენ. ეს არის ოლივია ვაილდის სარეჟისორო ნამუშევარი – ფსიქოლოგიური თრილერი, სახელწოდებით Don’t Worry, Darling, რომლის სიუჟეტი გასული საუკუნის 50-იანი წლების კალიფორნიაში ვითარდება.