ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია, თუმცა მას ხშირად ვერ ნახავთ სხვადასხვა ბრენდების სარეკლამო კამპანიებში. როგორც ჯულია რობერტსი აღნიშნავს, მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია: „ყველაფერი, ან არაფერი“. ჯულიასთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა, რომელსაც სთავაზობენ, იყოს ბუნებრივი. ის არ ჩაიცვამს კაბას, ან მოირგებს სამკაულს მხოლოდ ფინანსური სარგებლის, ან სხვა პრივილეგიების სანაცვლოდ. სწორედ ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა მსახიობი ახალ სარეკლამო კამპანიაში ჩნდება, მოდის საერთაშორისო პრესაში განსაკუთრებული ყურადღება შეიმჩნევა.

რამდენიმე დღის წინ, რობერტსი ძვირადღირებული სამკაულების აღიარებული ბრენდის, Chopard -ის საერთაშორისო სახედ დასახელდა. კონტრაქტი მოიცავს თითქმის ყველაფერს: ფოტო, ვიდეო კონტენტს, ედითორიალებს, რომლებიც გამოჩნდება მოდის ჟურნალებში, ბილბორდებს, რომლებსაც დაკიდებენ ქუჩებში. „ჩემი პირველი სამკაული მამისგან მივიღე, ვფიქრობ, მაშინ 8 წლის უნდა ვყოფილიყავი, დღემდე მახსოვს მამაჩემის ეს საჩუქარი, ისეთი ბზინვარე და მაგიური იყო,“ – იხსენებს მსახიობი.

გავრცელებული სიახლის შემდეგ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს კანის 2016 წლის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა, სადაც ჯულია Chopard -ის ყელსაბამით გამოჩნდა.

ახალი სარეკლამო კამპანია რეჟისორმა Xavier Dolan-მა გადაიღო. რაც შეეხება იმიჯს, მსახიობის სტილზე ელიზაბეთ სტიუარტმა იზრუნა.

Chopard