რამდენიმე საათის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ეროვნულ ჰიმნს გრემის, ოსკარის და მოდის კერპის მფლობელი მუსიკოსი, ლედი გაგა შეასრულებს. ცნობილია, რომ ლედი გაგა არ იქნება ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული არტისტი, ვინც დემოკრატი კანდიდატის გამარჯვების აღსანიშნად იმღერებს. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, უნდა ველოდოთ ჯენიფერ ლოპეზის გამოჩენასაც.

ჯო ბაიდენი და ლედი გაგა

ჯერჯერობით კვლავ უცნობია რომელი დიზაინერის სამოსს მოირგებენ აშშ-ის მომავალი პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, ქამალა ჰარისი, თუმცა როგორც მოდის სანდო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, მათ შორის WWD, ახალი პრეზიდენტის კოსტიუმზე, ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერი რალფ ლორენი იზრუნებს. ამერიკას ხშირად უწოდებენ შესაძლებელობების მიწას. ძალიან ბევრი ადამიანისთვის „ამერიკული ოცნება“ საკუთარი ოცნებების ახდენასთან ასოცირდება. თუ არსებობს დიზაინერი, რომელმაც მოდაში შექმნა საკუთარი ამერიკული ოცნება, ეს – რალფ ლორენია, ამიტომ ჯო ბაიდენის რალფ ლორენის სამოსში ხილვა მოსალოდნელი სიახლეა.