იტალიური მოდის ლეგენდარული ფიგურა, ჯორჯო არმანი Vogue US-ის 2021 წლის მაისის ნომრის ერთ-ერთი მთავარი გმირია. King Giorgio – ვკითხულობთ მოდის ბიბლიის გარეკანზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გარეკანს ახალგაზრდა პოეტი, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ვარსკვლავი, ამანდა გორმანი ამშვენებს.
ვოგის ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში, არმანი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ნაწილმა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი აღნიშნავს, რომ ბრენდის სრულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ისეთი კატეგორიული პოზიცია აღარ აქვს, როგორიც წარსულში.
Gucci, Fendi და Bulgari, ეს იმ იტალიური ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა დროს, ფრანგულმა კომპანიებმა შეიძინეს. არმანი ყოველთვის გამოირჩეოდა მკაცრი შეფასებებით, როდესაც საქმე ბრენდის გაყიდვას ეხებოდა.

ვოგთან ახალ ინტერვიუში, ჯორჯომ განმარტა, რომ მომავალში, ის მზად არის განიხილოს შემოთავაზებები, რომლებიც ეხება ბრენდის გაყიდვას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ბიზნეს-პარტნიორი იქნება იტალიელი.
ლეგენდარული დიზაინერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია Armani დარჩეს იტალიელების მფლობელობაში. მეტიც, დიდებული იქნება, თუ მოდის ინდუსტრია, ცნობილი მოდის სახლის სათავეში, იტალიელების პარტნიორობას იხილავს.