დღეს ცნობილი გახდა, რომ Versace-ს გენერალური დირექტორი ჯონათან აკეროიდი Burberry-ში გადადის. ის CEO-ს პოზიციაზე მარკო გობეტის ჩაანაცვლებს, რომელმაც ბრიტანული ბრენდის დატოვების შესახებ ოთხი თვის წინ ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა. 

“ჯონათანი გამოცდილი ლიდერია, რომელმაც წარმატებით შეძლო საერთაშორისო ფუფუნების ბრენდების განვითარება და მათი მოგების გაზრდა,” – აღნიშნავს Burberry-ის თავმჯდომარე გერი მერფი თავის განცხადებაში. “ის იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ამბიციას, რომ წინსვლისთვის ბარბერის უნიკალურ ბრიტანულ შემოქმედებით მემკვიდრეობას უნდა დავეყრდნოთ. ფუფუნებასა და მოდის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ მის კომპეტენციას ბარბერის ევოლუციის მომდევნო ფაზაში მთავარი როლი ექნება.”

აკეროიდი Versace-ს გუნდს 2016 წელს შეუერთდა. მან იტალიური ბრენდის შემოსავლები საგრძნობლად გაზარდა და ის 2018 წელს 2.1 მილიარდ დოლარად მაიკლ კორსის კომპანია Capri Holdings-მა შეიძინა. მანამდე ჯონათანი 12 წლის განმავლობაში Alexander McQueen-ს უძღვებოდა.

Jonathan Akeroyd, Donatella Versace & John D. Idol, CEO of Capri Holdings © Capri Holdings

“ბარბერის, როგორც ყველაზე საკულტო ბრიტანულ ფუფუნების ბრენდს დიდი ხანია ვაფასებ. ჩემში დიდ სიმპატიას იწვევს მისი ლეგენდარული მემკვიდრეობა,” – ამბობს აკეროიდი. “მოუთმენლად ველი ლონდონში დაბრუნებას, ქალაქში, სადაც ჩემი კარიერა ამბიციური სამომავლო გეგმებით დავიწყე.”

როდესაც 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ქრისტოფერ ბეილიმ Burberry-ის შემოქმედებითი და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, გობეტი Burberry-ის გუნდს შეუერთდა, ბრენდში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. მათ შორის იყო ვარსკვლავი დიზაინერის, რიკარდო ტიშის, დაქირავება, რომელსაც ბრენდის შემოქმედებითი მიმართულების განსაზღვრა დაევალა. მარკო თავის მშობლიურ იტალიას უბრუნდება, რათა შედარებით პატარა ბრენდს, Salvatore Ferragamo-ს, უხელმძღვანელოს.

Burberry SS 2022 © Burberry

Burberry-ში გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჯერად ისევ გობეტი ასრულებს, რომელიც ბრენდს წლის ბოლოს დატოვებს. შემდეგ მის თანამდებობას დროებით გერი მერფი დაიკავებს, აკეროიდი კი თავისი ახალი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის აპრილიდან შეუდგება.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის ჯონათანს Versace-ში. Capri ამ ეტაპზე შესაბამის კანდიდატებს ეძებს.