ციფრული სამყაროს მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიო კვლავ ებრძვის ვირუსს, რომელმაც ერთი წლით სახლებში გამოგვკეტა და მთლიანად მიგვაჯაჭვა ჩვენს სმარტფონებსა, თუ კომპიუტერებს. ისეთ ინდუსტრიაში, როგორიც მოდაა, რთულია ცოცხალი შოუს ეფექტი ციფრულმა პრეზენტაციამ შეცვალოს, თუმცა შექმნილ რეალობასთან ადაპტირება მოუხდა ყველას. მოდის სახლები ცდილობენ გახდნენ უფრო ციფრულები და შეინარჩუნონ ყურადღება.
ახალი კვლევა, რომელიც კომპანია Launchmetrics-მა გამოაქვეყნა, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულს ეხება. კვირეული მეტწილად ციფრულ ფორმატში ჩატარდა. როგორც ვკითხულობთ, სეზონის ვარსკვლავები იყვნენ სუპერმოდელი დები, ჯიჯი და ბელა ჰადიდები. მაგალითისთვის, ვერსაჩეს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ციფრულ შოუზე გამოქვეყნებული საერთაშორისო სტატიების და სოციალურ ქსელებში დადებული პოსტების თითქმის ნახევარი, 45% ჯიჯის და ბელას შესახებ იყო.
ვერსაჩეს ციფრული ჩვენება გახსნა და დახურა ჯიჯი ჰადიდმა. ჰადიდს ინსტაგრამზე 65 მილიონი გამომწერი ჰყავს. გარდა ამისა, ეს იყო ჯიჯის პირველი შოუ მშობიარობის შემდეგ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოების ყურადღება და ჩართულობა. თანამედროვე სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოდელმა ინსტაგრამზე ვერსაჩეს ჩვენებას 3 პოსტი მიუძღვნა. ფოტოებმა 5 მილიონზე მეტი მოწონება, ხოლო ვიდეომ 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
40 მილიონი გამომწერით, ციფრული მოდის კვირეულის ხილვადობის და პოპულარობის ზრდაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბელა ჰადიდმაც.