2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის პიტი უომოზე მიწვეულ ბრენდად ჯილ სანდერი დასახელდა.

მოდის სახლის შემოქმედებითი სადავეები 2017 წლიდან ცოლ-ქმარმა ლუკ და ლუსი მეირებმა ჩაიბარეს. ისინი მილანში დაფუძნებული ბრენდისთვის შექმნილ მამაკაცის ახალ კოლექციას პიტიზე იანვარში წარადგენენ.

„ფლორენციაში ჩვენების გამართვა ჩვენთვის ერთდროულად პატივიც არის და მიღწეული მიზანიც,“ – აღნიშნულია დიზაინერების განცხადებაში. „ერთმანეთს პირველად ფლორენციაში შევხვდით და ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ უკან დაბრუნება მოგვიწევდა, რათა პიტი უომოზე შოუ მოგვეწყო. ეს მართლაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა და ერთი სული გვაქვს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ქალაქის და პიტი უომოს მემკვიდრეობაში.“

Pitti Immagine-ს კომუნიკაციების და ივენთების ხელმძღვანელის, ლაპო ჩანკის თქმით, მეიერების შემოქმედება ძალიან დამაინტრიგებელია. „მათ მოდის ზუსტი ხედვა აქვთ,“ – ამბობს ის. „ისინი ცდილობენ იპოვონ ბალანსი ბრენდის მინიმალისტური კოდებისთვის პატივის მიგებას და რაღაც ისეთის შექმნას შორის, რაც ემოციას წარმოშობს და დეტალების მიმართ გამოჩენილ დიდ ყურადღებას ავლენს.“

ლუკმა და ლუსიმ ჯილ სანდერისთვის თავიანთი ბოლო კოლექცია გასულ თვეს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგინეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ნამდვილად არიან დიზაინერები, რომლებსაც თვალი უნდა ვადევნოთ.