16 მარტს ატლანტაში განვითარებული მოვლენების შესახებ ყველა საუბრობს. სპა სალონში დატრიალებულ ტრაგედიას ჯამში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 აზიელი ქალი. ამერიკის შეერთებულ შტატებში აზიელთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების უპრეცედენტო ზრდა ფიქსირდება, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რის გამოც აზიური კომუნების მხარდასაჭერად #StopAsianHate ყველა სოციალურ ქსელში იტრენდება. არ დააყოვნეს მშვიდობიანმა მომიტინგეებმაც და შტატების რამდენიმე ქალაქში ქუჩებში გამოვიდნენ. მათ შორის არიან ჯეისონ ვუ, ფილიპ ლიმი, სუ ჯუ პარკი, ანა სუი, ფერნანდა ლი, კეროლ ლიმი და უმბერტო ლეონი, პრაბალ გურუნგი და სხვები. ისინი საუბრობენ, რომ აზიელთა წინააღმდეგ მიმართული რასიზმი ინდუსტრიაშიც მყარადაა გამჯდარი.
ფილიპ ლიმი: “პირველი ნაბიჯი, რომელიც ინდუსტრიამ უნდა გადადგას, არის იმის გააზრება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით. არ შეიძლება ერთი კომუნა იყოს ყურადღების ცენტრში, ხოლო მეორე – ელოდებოდეს თავის რიგს. ინკლუზიურობა მოიცავს ერთმანეთისთვის ხელის შეწყობას, შეუძლებელია გავაგრძელოთ განცალკევება იმის, თუ რას ვაკეთებთ იმისგან – თუ ვინ ვართ. ეს დრო დასრულდა და ახლა დროა ვიცხოვროთ სიმართლეში, ვიყოთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია.”

ანა სუი: “რაც ახლა ხდება ტრაგიკული და შემაძრწუნებელია, ეს “ყვითელ საფრთხეს” (1882 წლის ჩინელთა საიმიგრაციო დოკუმენტი) და იაპონელების ტყვეთა ბანაკებს მაგონებს. საჭიროა ამ საკითხზე მეტი ვისაუბროთ, რათა ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება. საჭიროა ერთმანეთი მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ. საჭიროა, რომ მხარი დავუჭიროთ ნიჭიერ ახალგაზრდა აზიელ სტუდენტებს და დამწყებ დიზაინერებს.”

სუ ჯუ პარკი: “ინდუსტრიაში მრავალფეროვნებას ძალიან ამარტივებენ და ინკლუზიურობას უბრალოდ იმისთვის იყენებენ, რომ არ გაიკიცხონ. ამიტომაც გავიუფერულე თმა, მსურდა აზიური სტერეოტიპისგან განვთავისუფლებულიყავი. ჩვენ ვიზუალურ ბიზნესში ვართ. უნდა გავიაზროთ, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებლების თვალი იმას, თუ რას ვაკეთებთ. იმისთვის, რომ დავეხმაროთ აზიური კომუნების წინააღმდეგ სიძულვილის აღმოფხვრას, უნდა წარმოვაჩინოთ აზიური კულტურა ახალი რაკურსით, ისევე, როგორც ინდივიდუალური ისტორიები. თუ ჩვენ მოვუსმენთ ერთმანეთს და გვექნება საშუალება მოვუყვეთ მსოფლიოს ჩვენს შესახებ, ბევრად უკეთესად და დაცულად ვიგრძნობთ თავს.“

ჯეისონ ვუ: “წლების წინ, ინდუსტრიაში, აზიელები თითქმის არ იყვნენ. ახლა სიტუაცია უკეთესია, თუმცა ახლა, როგორც არასდროს, უნდა შევუწყოთ ხელი მრავალფეროვნებას და მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ რასიზმს.”

ფენდანდა ლი: “შეეშვით ჩვენი არსებობის უგულებელყოფას მანამ, სანამ დაგჭირდებათ. ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე თქვენი პოლიტკორექტულობის შესასრულებელი გეგმა. მძულს ის ფაქტი, რომ აზიელებს აღიქვამენ, როგორც იაფ მუშახელს ან ძვირიანი ნივთების გასაყიდ სეგმენტს. გაიაზრეთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, უდიდესი ისტორიითა და მდიდარი კულტურით, ჩვენ არ ვართ მეორეხარისხოვანი კლასის მოქალაქეები, რომლებიც მხოლოდ თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ.”

კეროლ ლიმი და უმბერტო ლეონი: “როგორც აზიელი ამერიკელებისთვის, ჩვენთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვერ ვიღებდით ხმას და ვერ ვიცავდით საკუთარ უფლებებს. თუმცა ეს დრო დასრულდა და ახლა ხმამაღლა ვისაუბრებთ. ჩვენი წინაპრები, დიდი ხნის განმავლობაში, ბევრს შრომობდნენ და ახლა ჩვენმა თაობამ უნდა განაგრძოს მუშაობა. ნარატივი იმის შესახებ, რომ ჩვენ ასიმილაცია უნდა განვიცადოთ არასწორია, რადგან ჩვენ გვიყვარს ჩვენი კულტურა და ფასეულობები.“

პრაბალ გურუნგი: “იმისთვის, რომ ინდუსტრიამ რეალურ პროგრესს მიაღწიოს, გლობალურად აღმასრულებელი დირექტორების 50%-ი ფერადკანიანი ადამიანებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული. ქმედებები ახლა ზედაპირულია და რეალურად პრობლემების გადაჭრისკენ არ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინდუსტრიამ აღიქვას როგორც ნორმა და არა უბრალოდ მომენტი ან მოძრაობა.”