ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო კარლ ლაგერფელდის როლს შეასრულებს. ბიოგრაფიული ფილმი უკვე დამტკიცებულია და მას ოფიციალურად უჭერს მხარს ლაგერფელდის მოდის სახლი. აღსანიშნავია, რომ გარდა მთავარი როლის შესრულებისა, ჯარედ ლეტო კონოსურათის პროდიუსერიც იქნება.

ფილმზე მუშაობა ახლახანს დაიწყო და რეჟისორი ჯერ არ დამტკიცებულა. ჯერჯერობით უცნობია პროექტთან დაკავშირებული უამრავი დეტალი, თუმცა, როგორც თავად ლეტომ განაცხადა, ეს იქნება ფილმი, რომელიც საკულტო დიზაინერის 50-წლიან შემოქმედებით კარიერასა და პირად ცხობრებაზე ფოკუსირდება. პროექტში ჯარედ ლეტოს მრავალმხრივი ჩართულობა დიდ ინტერესს აჩენს. მსახიობი შთამბეჭდავი როლური გარდასახვებით გამოირჩევა. ამასთან ერთად, ლეტოს პერსონა მოდის ინდუსტრიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ბიოგრაფიული კონოსურათის ყველა დეტალი საკმაოდ გააზრებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ კარლ ლაგერფელდი 2019 წელს გარდაიცვალა. ის დღემდე ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერად მიიჩნევა.