რიანას ტანსაცმლის ბრენდის პრეზენტაცია შედგა. პარიზში რიანას ფენტის პრეზენტაციაზე მოდის ინდუსტრიის გავლენიანი ხალხი გამოჩნდა, მათ შორის LVMH-ის პრეზიდენტი და მოდაში ყველაზე მდიდარი კაცი-ბერნარ არნო.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ინდუსტრიის პატივსაცემი ჟურნალისტები, კრიტიკოსები: ტიმ ბლენქსი, სუზი მენქსი და ჯო ელისონი.
რიანა თეთრებში იყო გამოწყობილი და საკუთარი ლოგოს წინ პოზირებდა თავისივე ბრენდის სამოსში.
ვიხილეთ პირველი კოლექციიდან პროდუქტები, რომელიც გაყიდვაში მალე გამოჩნდება და წავიკითხეთ რიანას ექსკლუზიური ინტერვიუ ნიუ-იორკ ტაიმს სტაილსთან. გთავაზობთ, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს. რა უნდა იცოდეთ რიანას ტანსაცმლის ბრენდის შესახებ.
რატომ დაარქვა ტანსაცმლის ბრენდს ფენტი და არა რიანა?
რობინ რიანა ფენტი 1988 წელს ბარბადოსში დაიბადა. 2003 წელს ბარბადოსში აღმოაჩინეს, 2005 წელს კი Def Jam Records-თან გააფორმა კონტრაქტი. სწორედ მაშინ გახდა რობინ რიანა ფენტი Rihanna. როგორც ახალი ინტერვიუდან გავიგეთ, სახელი Rihanna რიანასთვის თავის მუსიკალურ კარიერას ეკუთვნის და არ სურს ბრენდების აღრევა, ამიტომ მოდაში აირჩია გვარი – Fenty.
ფენტი რიანასთვის ტანსაცმლის პირველი პროდუქტია?
არა, რიანა მოდის ინდუსტრიაში 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული, მას არაერთი კოლაბორაცია ჰქონდა ტანსაცმლის ბრენდებთან. რიანა იყო პუმას შემოქმედებითი ხელმძღვანელიც.
ფენტი რიანასთვის ტანსაცმელთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია?
დიახ, რიანამ ფენტი LVMH-ის პატრონაჟით შექმნა. რიანა გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი LVMH-ში, რომელიც ბრენდს უხელმძღვანელებს, პირველი ქალი, რომელიც LVMH-ში ბრენდს შექმნის და ფენტი არის გასულ 30 წელში პირველი ახალი ბრენდი, რომელიც LVMH-ში შეიქმნა.
ფენტი ჩვენებებს გამართავს და მაღაზიებს გახსნის?
არა, ფენტი ჩვენებების და მაღაზიების გარეშე იმუშავებს. ყველაფერი ონლაინ გაიყიდება. ახალი კოლექციის ფოტოები გამოქვეყნდება და გაყიდვაშიც მალევე გამოვა, რაც ნიშნავს, რომ “See-now-buy-now” ბიზნეს მოდელით იქნება წარმოდგენილი და მყიდველი 6 თვე არ დაელოდება, როგორც მაღალი მოდის ბრენდების შემთხვევაში.
რა ეღირება ფენტი?
LVMH-ის სხვა ბრენდებთან შედარებით იაფი, თუმცა არც მასმარკეტის ტანსაცმლის ღირებულება. ტანსაცმელზე და აქსესუარებზე ფასები 200-1500 დოლარამდე იქნება.
რატომ არის ფენტი LVMH-ის სხვა ბრენდებზე იაფი?
ვარსკვლავის მიერ დაარსებულ ბრენდში 80% ვარსკვლავის სახელზე დგას და არა დიზაინზე. რიანას ბრენდი პირველ რიგში გათვლილია რიანას გულშემატკივრებზე, ადამიანებზე, რომლებსაც რიანას მუსიკა და სტილი მოსწონთ. ლუი ვიტონის და ჟივანშის ფასების დადება ვარსკვლავის ბრენდზე წამგებიანია, რადგან რიანამ მუსიკა და სილამაზის ხაზიც უნდა გაყიდოს, მისი ფანების უმრავლესობა კი 30 წლამდეა და ყველაფერს ერთად ვერ გაწვდებიან.
როდის გამოვა ფენტის პირველი კოლექცია გაყიდვაში?
29 მაისს ფენტის ოფიციალურ საიტზე.
სად შემიძლია ვნახო პირველი პროდუქტები?
ვოგის საიტზე.
სად შემიძლია წავიკითხო ნიუ-იორკ ტაიმს სტაილსის ახალი ინტერვიუ და ვნახო ფოტოსესია?
ოფიციალურ საიტზე.