პანდემიის შედეგად წარმოქმნილმა ვითარებამ დამწყები დიზაინერებისთვის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის წესებიც შეცვალა.
მსოფლიოში მოდის უმსხვილესი კონგლომერატი LVMH ყოველწლიურად ახალი ბრენდების მხარდასაჭერ კონკურსს ატარებს, რომელსაც LVMH Prize-ის სახელით ვიცნობთ. ამ კონკურსის მონაწილეები იყვნენ დღეს აქტუალური დიზაინერების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის: უელს ბონერი, მარინ სერე, სიმონ ჟაკქომუსი, ვირჯილ აბლო და დემნა გვასალია.
დაჯილდოვება 5 ივნისს პარიზში უნდა გამართულიყო და მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება გაუქმდა, პრიზის გარეშე კონკურსის არცერთი მონაწილე არ რჩება. შედეგად 300,000 ევრო, რომელიც ერთ გამარჯვებულს უნდა გადასცემოდა, უკვე გამოვლენილ რვა ფინალისტზე თანაბრად გადანაწილდება.
ეს ფინალისტები კი არიან: Ahluwalia, Casablanca, Chopova Lowena, Nicholas Daley, Peter Do, Sindiso Khumalo, Supriya Lele, Tomo Koizumi.
LVMH თავისი ფონდით ასევე გეგმავს დაეხმაროს თავის წინა გამარჯვებულებსაც.
„LVMH Prize დაარსების დღიდან ზრუნავს ახალგაზრდა ტალანტების წინსვლაზე,“ – ამბობს Delphine Arnault გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ყოველწლიურად ის ავლენს ახალგაზრდა დიზაინერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ხელს უწყობს მათი კომპანიების განვითარებას. ამ გამომწვევ სიტუაციაში, წინა გამარჯვებულების მხარდაჭერით კომპანიის მთავარი მისია გამოიკვეთება.“