იქნება ეს ფასების პოლიტიკის დრამატული ცვლილება, თუ დამატებითი შეზღუდვების დაწესება რუსული პასპორტის მქონე მომხმარებლებისთვის, ერთი რამ ცხადია – ახლა ისე, როგორც არასდროს, შანელის ჩანთებზე საუბარი არ წყდება.

ფრანგული ბრენდის ძვირფას აქსესუარებს შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოდელი, რომელიც ცნობილია ‘Boy Bag’ -ის სახელწოდებით.

Chanel-ის ‘Boy’ ჩანთა

ფრანგული ბრენდის სხვა საკულტო ჩანთებისგან განსხვავებით, ‘Boy Bag’ შედარებით ახალია. მოდელის პრეზენტაცია 2011 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შედგა. შანელის ლეგენდარულმა კრეატიულმა დირექტორმა, კარლ ლაგერფელდმა ჩანთის დიზაინი ანდროგენული სტილის შთაგონებით შექმნა.

Chanel – 2011 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია

გამომდინარე იქიდან, რომ კოკო შანელი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც მამაკაცის გარდერობის დეტალები ქალის სამოსში დაამკვიდრა, ამ ფრანგულ მოდის სახლში, მასკულინური და ფემინური ესთეტიკების სინთეზი, ე.წ. ანდროგენული სტილი ყოველთვის მიმზიდველად და ბუნებრივად აღიქმებოდა.

კოკო შანელი და არტურ ედუარდ ‘ბოი’ კაპელი

ჩანთის სახელწოდება კოკო შანელის პირველი სიყვარულის და მუზის, არტურ ედუარდ ‘ბოი’ კაპელისგან მომდინარეობს. კოკოს ანდროგენულ სტილს ბოი კაპელი ხშირად შთააგონებდა.  ‘შანელმა მამაკაცის საცვალისგან კაბა შეკერა, მას ჰქონდა ეს ბიჭური პოზიცია და დამოკიდებულება, რომელიც ბოი კაპელისგან მიიღო, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულისგან..’ – აღნიშნა ლაგერფელდმა ‘Boy’ ჩანთაზე საუბრისას.

2011 წლის შემდეგ, ჩანთის იერსახე რამდენჯერმე შეიცვალა. ახლა ბრენდი მოდელს განსხვავებულ ზომებში და ფერებში აწარმოებს, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით კვლავ კლასიკური დიზაინის შავი ‘Boy’ სარგებლობს.