შეგვიძლია არაერთი შემთხვევა გავიხსენოთ, როცა მოდელებმა სამსახიობო კარიერა დაიწყეს, ან – პირიქით. იქიდან გამომდინარე, რომ მოდელის წამატებული მოღვაწეობა სხვადასხვა ფოტოსესიასა, თუ რეკლამებში ხშირ მონაწილეობას გულისხმობს, ამ ინდუსტრიის გამოკვეთილი სახეები, გარკვეულწილად, როლის გათავისების, გარდასახვის უნარებს ფლობენ. შესაბამისად, რეჟისორებს მათთან თანამშრომლობის იდეა ბუნებრივად უჩნდებათ ხოლმე.

ამჯერად, გავიხსენებთ მომენტებს, როცა მოდელების ცნობილ ფილმებში გამოჩენას ერთჯერადი, ან იშვიათი და მოულოდნელი სახე ჰქონდა.

ჟიზელ ბუნდჩენი, Taxi (2004)

2004 წელს, ქვინ ლატიფასთან და ჯიმი ფელონთან ერთად, ბრაზილიელი სუპერმოდელი Taxi-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა და ბანკის მძარცველი ქალების ბანდის ლიდერი განასახიერა.

დევონ აოკი, 2 Fast 2 Furious (2003)

დამახასიათებელი სტილით, სუპერმოდელი დევონ აოკი 2003 წელს 2 Fast 2 Furious-ში იხილა მაყურებელმა. დევონმა ახალგაზრდა მრბოლელი განასახიერა და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

ქეით მოსი, Absolutely Fabulous: The Movie (2016)

90-იანი წლების ვარსკვლავი და ე.წ. Heroin chic ლუქის სიმბოლო ქეით მოსი კომედიაში, სახელწოდებით Absolutely Fabulous: The Movie, სიუჟეტისათვის ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა 2016 წელს შედგა.

ტაირა ბენქსი, Coyote Ugly (2000)

ტაირა ბენქსი მოდაზე მატად, სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეალითი შოუს – America’s Next Top Model-ის წამყვანი იყო. ეს იყო პროექტი, რომელიც 15 წლის განმავლობაში გადიოდა და ბენქსი წამყვანთან ერთად, მისი აღმასრულებელი პროდიუსერის პოზიციასაც იკავებდა. იქამდე კი, მოდელი 2000-იანების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანტიკულ მელოდრამაში – Coyote Ugly-ში გამოჩნდა.

შალომ შარლოუ, How to Lose a Guy in 10 Days (2003)

2000-იანების კიდევ ერთ ცნობილ კომედიაში, მაყურებელმა მეთიუ მაკკონაჰისა და ქეით ჰადსონის დასამახსოვრებელი სამსახიობო პარტნიორობა იხილა. კომედიაში მეორეხარისხოვან, თუმცა, მნიშვნელოვან როლს 1990-იანი წლების სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი სახე – შალომ ჰარლოუ ასრულებს.

ჟიზელ ბუნდჩენი, The Devil Wears Prada (2006)

“ეშმაკი ატარებს პრადას” მოდის მოყვარულთათვის ერთ-ერთი რჩეული ფილმია. კინოსურათმა ყველა ის კლიშე გააერთიანა, რაც მოდის პრესაზე და ზოგადად მოდის სამყაროზე გვსმენია. ამ ინდუსტრიასთან სიახლოვე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა კინოსურათის რამდენიმე ეპიზოდში, როცა სცენებში ცნობილი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჩენი გამოჩნდა.

კლაუდია შიფერი, Love Actually (2003)

გერმანელი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი სახელგანთქმულ საშობაო ფილმში მეორეხარისხოვან როლში ჩნდება. ის პარტნიორობას ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, ლიამ ნისონს უწევს.

სინდი კროუფორდი, Fair Game (1995)

მიუხედავად იმისა, რომ სინდი კროუფორდის ხსენებაზე 1980-იანი და 1990-იანი წლების მოდა და სუპერბოულის ცნობილი რეკლამა გვახსენდება, მას კინოში მთავარი როლიც აქვს შესრულებული. კროუფორდმა 1995 წელს, რომანტიკულ მძაფრსიუჟეტიან კინოსურათში – Fair Game-ში მიიღო მონაწილეობა.

დევონ აოკი, Sin City (2005)

“ცოდვათა ქალაქი” 2005 წლის ფილმია, რომელიც ამავე სახელწოდების გრაფიკული რომანების სერიაზეა დაფუძნებული. მოდელი დევონ აოკი ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს – მიჰოს განასახიერებს, რომელიც სამართლიანობის მხარეს მებრძოლი მკვლელია.

ჯემა უარდი, Pirates of the Caribbean (2011)

ცნობილი მოდელი, ჯემა უარდი დისნეის გახმაურებული ფილმის, “კარიბის ზღვის მეკობრეების” 2011 წელს გამოშვებულ ნაწილში გამოჩნდა. უარდმა ეპიზოდურ როლში ითამაშა და ქალთევზა განასახიერა.