პანდემიის პარალელურად კიდევ ერთმა მოდის კვირეულმა ჩაიარა. გუშინ, ლუი ვიტონის ჩვენებით, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი, ტრადიციულად, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში დასრულდა. ეს სეზონი, როგორც გასული, შერეული ფორმატით ჩატარდა. ბრენდებმა კოლექციები ციფრული და ფიზიკური პრეზენტაციების სახით აჩვენეს. მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა Kering -ის გადაწყვეტილება. კონგლომერატის მფლობელობაში მყოფმა ყველა ბრენდმა, მათ შორის გუჩიმ, კვირეული გამოტოვა. შესაძლოა ითქვას, რომ 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, აღნიშნული პრაქტიკა კორპორატიული სტრატეგიის ნაწილი გახდა.
მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ Kering-ის ბრენდები სეზონს გამოტოვებდნენ, გაჩნდა ინტერესი, თუ როდის და რა ფორმატით ვიხილავდით ამ მოდის სახლების კოლექციებს. პირველი, ვინც სიახლე გაავრცელა, გუჩია. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იტალიური მოდის წამყვანი ბრენდი ახალ კოლექციას 15 აპრილს, ფილმის სახით წარადგენს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ვიცით, რომ ალესანდრო მიკელემ ახალ კოლექციას Area დაარქვა.
აღსანიშნავია, რომ წლიური მონაცემებით, გუჩის გაყიდვები 22%-ით არის შემცირებული – 2019 წლის 9.6 მილიარდი ევროდან მაჩვენებელი, 2020 წელს, 7.4 მილიარდ ევროზე ჩამოვიდა. 22%-იანი ვარდნა ახლოს არის 2020 წლის ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ ზოგად მაჩვენებელთან ინდუსტრიაში, თუმცა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ციფრები, რომლებსაც კონკურენტი მოდის სახლები აჩვენებენ. ინდუსტრიაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ გუჩიში შექმნილ კრიზისზე და Kering -ის მხრიდან მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე. გამომდინარე აქედან, საინტერესოა რას შემოგვთავაზებს ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი 15 აპრილს. ცხადია, რომ ახლა ალესანდრო მიკელეს ხედვა და დიზაინი ყველაზე დიდი გამოცდის წინაშეა, გასულ 6 წელში.