Armani Beauty -ს ახალი გლობალური ელჩი ჰყავს. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ჩინელი მომღერალი და მსახიობი რეკლამას გაუწევს იტალიური ბრენდის სილამაზის და თავის მოვლის საშუალებებს. ახალგაზრდა არტისტმა კარიერა საბავშვო კონკურსებიდან დაიწყო. მისი აღმოჩენა ერთ-ერთ ჩინურ ტალანტ-შოუს უკავშირდება, სადაც ჯექსონი მოცეკვავის ამპლუაში იღებდა მონაწილეობას.
მოგვიანებით, 2013 წელს, ახალგაზრდა მოცეკვავე ჩინურ ბოიბენდში, TFBoys-ში აიყვანეს. ამ წარმატებას მოჰყვა სხვადასხვა მაღალშემოსავლიანი შემოთავაზებები, როგორც მუსიკალური, აგრეთვე კინო ინდუსტრიებიდან. შედეგად, Jackson Yee ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.


აღსანიშნავია, რომ Jackson Yee არმანისთან 2020 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა გასულ წელს, მისი კონტრაქტი მხოლოდ ჩინეთს მოიცავდა, ხოლო ახლა, ის იტალიურ მოდის სახლს გლობალურად წარადგენს, როგორც ქეით ბლანშეტი და რაიან რეინოლდსი.