3 წლის წინ,გუჩი გახდა ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი მოდის სახლი, რომელმაც ქალის და მამაკაცის კოლექციის წარდგენა გაერთიანებულ ჩვენებაში გადაწყვიტა. ტრადიციულად,მაღალი მოდის კალენდარში ქალის და მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულები განცალკევებით ტარდება, თუმცა გასულ წლებში, გუჩისთან ერთად, გაერთიანების ტრენდს ბევრი ცნობილი ბრენდი შეუერთდა, მათ შორის: ბარბერი, ბალენსიაგა, ვეტმანი. ახლა ცნობილი ხდება, რომ გუჩი მამაკაცის მოდის კვირეულს უბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ ბრენდი ქალის და მამაკაცის ჩვენებას კვლავ განცალკევებით წარადგენს. რას უნდა მივაწეროთ ცვლილება და ტრადიციულ მოდელზე დაბრუნება, ამის გადაჭრით თქმა რთული და ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ მილანის მოდის პალატამ, 2020 წლის 14 იანვარს, მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს გუჩი კალენდარში დაამატა.

ალესანდრო მიკელე გუჩის მამაკაცის სამოსის 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენების ფინალში, ალესანდროს დებიუტი გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში.

ბარბერიმ მოსკოვის ცენტრში ახალი მაღაზია გახსნა. როგორც ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდის წარმომადგენლის განცხადებაში ვკითხულობთ, ბარბერი მხოლოდ ერთი მაღაზიით არ აპირებს რუსეთის ტერიტორიის ათვისებას, უახლოეს მომავალში კიდევ 2 სივრცე დაემატება, სადაც ტურისტებს და ადგილობრივებს უახლესი კოლექციების შეძენა შეეძლებათ.

როგორც ირკვევა, ბარბერისთვის რუსეთის ბაზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბრენდის მშობლიურ ბრიტანეტშიც ბარბერის მყიდველების საკმაოდ დიდი ნაწილი რუსია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსი ტურისტები ძალიან დაინტერესებულები არიან ბარბერით, ამიტომ ახლა მათ საშუალება მიეცემათ რუსეთშიც იშოპინგონ რიკარდო ტიშის კოლექციები.

ბარბერის ახალი მაღაზიის გახსნა მოსკოვში

ბალენსიაგამ ლას-ვეგასში ახალი მაღაზია გახსნა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი ბრენდისთვის. გასულ თვეებში ბრენდის მაღაზიები მედისონ ავენიუზე და ბევერლი ჰილზშიც გაიხსნა. ტრადიციულად, დიზაინი დემნა გვასალიას ხედვას არის მორგებული, რაც სივრცეების საწყობის სტილში გაფორმებას გულისხმობს. WWD – ს პრეს რელიზში ვკითხულობთ, რომ ბალენსიაგას ახალი მაღაზია კანადაში, კერძოდ ტორონტოს Yorkdale Shopping Centre – ში ნოემბრის თვეში გაიხსნება.

კადრი ბალენსიაგას ახალი მაღაზიიდან, რომელიც ლას-ვეგასში გაიხსნა

Tiffany & Co. – ს ახალი კამპანია კამათის საგანი გახდა. აქსესუარების ცნობილმა ბრენდმა გამოაქვეყნა ახალი ფოტო რეკლამიდან, რომელზეც ჩინელი მოდელი, ფეი ფეი სანი არის გამოსახული. ფეი ფეის ხელი ერთ თვალზე აქვს აფარებული. ეს ჟესტი ჩინეთში მიმდინარე პროტესტის სიმბოლოდ იქცა. უკვე რამდენიმე თვეა ჩინეთში ჰონგ-კონგის პროტესტი მიმდინარეობს. პროტესტმა საკმაოდ მძიმე ფორმები მიიღო და როგორც გულშემატკივრები ამბობენ, მოდურ კამპანიაში ასეთი სიმბოლოს გამოყენება უადგილო და არასერიოზულია.

ტიფანის წარმომადგენელმა ახალ განცხადებაში თქვა, რომ ფოტო მაისში გადაიღეს, სანამ პროტესტი დაიწყებოდა და ჩინელი მოდელის პოზა უბრალოდ დამთხვევაა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების. მიუხედავად ამისა, ბრენდში მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფოტო კამპანიიდან ამოეღოთ. ახლანდელი მონაცემებით Tiffany & Co. – ს ჩინეთში 35 მაღაზია აქვს.

ფოტო Tiffany & Co. – ს ახალი კამპანიიდან