2007 წლის ოქტომბერში ჩინეთის დიდი კედელი პოდიუმად გარდაიქმნა, რომელზეც 88 მოდელმა კარლ ლაგერფელდის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით Fendi-ისთვის შექმნილი კოლექცია წარადგინა. ისტორიული ჩვენებიდან 15 წლის შემდეგ ჩინეთის ეს ღირშესანიშნაობა კვლავ ეთმობა მნიშვნელოვან მოდის სახლს – ამჯერად მასზე Bottega Veneta-სთვის დამახასიათებელი მწვანე ფერი გაჩნდა.

ჩინური (მთვარის) ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბრენდების უმეტესობა სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს მის აღნიშვნას და ჩინელი მომხმარებლების გულის მოგებას. სპეციალურად ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილი კოლექციები თუ სარეკლამო კამპანიები უკვე არაერთი მოდის სახლისგან ვიხილეთ, თუმცა ბოტეგა ვენეტამ ყურადღების მიპყრობა უპრეცედენტო ფორმით შეძლო.

ჩინეთის დიდ კედელზე 12 იანვრის ჩათვლით განთავსებული იქნება როგორც იტალიური ბრენდის ლოგო, ისე ჩინეთში იღბლის სიმბოლოდ მიჩნეულ ნარინჯისფერზე მწვანედ დაწერილი 新春快乐, რაც ასე ითარგმნება: “გილოცავთ ახალ წელს.”

აღსანიშნავია, რომ ამ ინსტალაციის მოწყობის პარალელურად, ბოტეგა ვენეტა ფინანსურად მხარს უჭერს “შანჰაის უღელტეხილის” აღდგენასა და შენარჩუნებას.