ეიფელის კოშკის ფონზე გამართულ Saint Laurent-ის ჩვენებაზე რამდენიმე სვეტად დანაწილებულ ცისკენ მიმართულ 394 პროჟექტორს შორის მოდელებმა პიჯაკებს მორგებული მოკლე შორტები, კოვბოის ჩექმები, YSL-ის სამოცდაათიანების რუსული კოლექციის რეფერენსები და სექუინებით გაფორმებული Le Smoking-ის განსხვავებული ინტერპრეტაციები წარმოადგინეს.
ბოლო რამდენიმე სეზონია ენტონი ვაკარელო შეუდარებელია, როცა საქმე შოუს სივრცის მოწყობას ეხება. მისი ჩვენებები დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა, რაც, პირველ რიგში, მათზე შექმნილი ატმოსფეროს დამსახურებაა. ადგილის, დეკორაციების, განათების, მუსიკის, ქასთის და სექსუალური როკ’ნ’როლ chic კოლექციის შერწყმა ნამდვილ სანახაობად აქცევს ერთ მორიგ ჩვენებას პარიზის მოდის კვირეულზე.
ენტონის ჩვენებები დასამახსოვრებელია, მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, რასაც ყოველ მომდევნო კოლექციაში გვთავაზობს. ის უბრალოდ წარსულს ანახლებს და თანამედროვე რეალობაში გადმოაქვს. მასში ახალი დეტალები შეაქვს და თავის ფეტიშებს ავლენს.
ენტონის უყვარს ქალის ფეხები და ამას არ მალავს. მოსწონს ქალის სითამამე, რასაც ყველაზე კარგად გულმკერდის არეში თავისი საინტერესო ჭრებით ავლენს. ჰყავს მუზები, რომლებიც კოლექციის შექმნისას შთააგონებენ და მათ შემდეგ სან ლორანის მარკის ქვეშ წარმოგვიდგენს. უყვარს გამხდარი სილუეტი, შავი ფერი, ტყავი და სექუინები – ისინი კი კოლექციის მთავარი დეტალებია.
ერთგვარი კლიშე გახდა, როდესაც ჩვენების ბოლოს სუპერმოდელი გამოდის. ეს დიზაინერისთვის ყურადღების მიქცევის მარტივი გამოსავალია, ნაომი ქემბელი კი ყოველთვის კარგი არჩევანი. შავმა პანტერამ სტელა ტენანტის გახსნილი ბოლო სეგმენტი დახურა, რომელზეც სმოკინგები იყო წარმოდგენილი, სან ლორანის მოდის სახლისთვის უმნიშვნელოვანესი სამოსი.
სტელა ტენანტი, ლია კაბედე, კაია გერბერი და ნაომი ქემბელი
ენტონის თავდაჯერებულობა მატულობს, ყალიბდება და მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებსაც გვაფიქრებს, რომ პიერ ბერჟე, რომელიც ტომ ფორდს და სტეფანო პილატის იწუნებდა, მართალი იყო და ის იმსახურებს იყოს იქ, სადაც არის.
ჩვენების ჩანაწერი